14:21:24     24-10-2011
ზეგარდმო ნიჭით ბოძებული ჰაფეზი
დიდი ირანელი პოეტი, შამს ედ-დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი დაიბადა XIV საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 1310-1320 წლებში. ჰაფეზი არაბულად ყურანის ზეპირად მცოდნეს ნიშნავს. ეს გარემოება ამტკიცებს, რომ ის განათლებული და მორწმუნე პიროვნება იყო.
დაიბადა ქალაქ იეზიდში. შემდეგ შირაზში გადასახლდნენ. მამა ადრე გარდაეცვალათ. ძალიან გაუჭირდათ. ძმები ბედის საძებრად გაემგზავრნენ. ერთად დარჩნენ მომავალი პოეტი და დედა. დედასაც გაუჭირდა ოჯახის რჩენა. მომავალმა გენიოსმა დაიწყო შრომა და სწავლა. თავის ნაშრომიდან მესამედს დედას აძლევდა, მესამედს სწავლაში იხდიდა, დანარჩენით თავის გაჰქონდა.
მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მისი ცხოვრება უფრო ლეგენდების სფეროს მიეკუთვნება, რადგან სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად სპარსული ლირიკის ერთ-ერთი უმთავრესი და უბადლო დიდოსტატი, როგორც დღესაც მიაჩნიათ.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ახალგაზრდა პოეტს, პოეზიით გატაცებული შირაზელები დასცინოდნენ. მან ბევრი ილოცა. ერთხელაც ძილში მას გამოეცხადა ხალიფა ალი, წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე და ახალგაზრდა პოეტს ზეციდან პოეტური ნიჭი უწყალობა.
ჰაფეზს არა ერთი მთავარი იწვევდა თავისი სასახლის კარზე. მაგრამ პოეტს არ აინტერესებდა სიმდიდრე და ფუფუნება. ის ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.
დიდმა პოეტმა ჰაფეზმა დიდი გავლენა იქონია მთელი აღმოსავლეთის პოეტებზე, უახლოეს ხანებამდე. მისი პოეზია ძალიან პოპულარული იყო. მის ყაზალებს მღეროდნენ ცნობილი მუტრიბები მთავართა სასახლეებში და მწყემსები იალაღებზე. ირანში არსებობს ანდაზა: „ვინ არ იცის, რომ ხოჯა ჰაფეზი შირაზელია?", რაც ნიშნმავს, რომ ჭეშმარიტებას ვამბობო. ტაჯიკეთში სახალხო მთქმელები“ჰაფეზებად“ იწოდებიან. პოეტის შემოქმედება XIX საუკუნის ევროპაშიც გაიცნეს. გოეთემ "დასავლურ-აღმოსავლური დივანის" მეორე წიგნს „ჰაფეზის წიგნი" უწოდა და თავის აღმოსავლელ კოლეგას ბევრი აღფრთოვანებული სტრიქონი უძღვნა. ამან გამოიწვია ჰაფეზის პოეზიის ისეთი პოპულარობა, რომ ამის შემდეგ გერმანიაში ჰაფეზისადმი მიბაძვა პოეტურ მოდად იქცა. უფრო მეტიც, ჰაფეზის პოეზიის პროფესიონალ მთარგმნელთა გვერდით გაჩნდნენ "ფსევდოჰაფეზები", რომლებიც საკუთარ ლექსებს ჰაფეზის ყაზალების თარგმანებად ასაღებდნენ. ყაზალ-ი [არაბ. yazal] - არაბულ-სპარსულ პოეზიაში: ორტაეპიანი სტროფი; ასეთი სტროფებით დაწერილი ლექსი; იყენებენ ევროპულ პოეზიაშიც.
ჰაფეზი ითვლება ყველა დროისა და ერის ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკოსად.
როგორც ამბობენ ჰაფეზის პოეზიის მკვლევარები, მის პოეზიაში შეიმჩნევა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება: პირველის მიხედვით, ჰაფეზის პოეზია მისტიკური ნააზრევია, იმდროინდელ აღმოსავლეთში გავრცელებული სუფიური მოძღვრების შესაბამისად, ხოლო მეორის მიხედვით ჰაფეზი არის ადამიანური, რეალური ცხოვრების მომღერალი. თუმცა, ვფიქრობ, ორივეა ერთად.
ჰაფეზის საფლავი შირაზში, მუსალის ბაღში წმიდა ადგილად ითვლება. საფლავს აქვს ეპიტაფია: „რამეთუ მუსალის ბაღში პოვა სავანე, მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე". „მუსალის მიწას" შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამი გვაძლევს 791 წ. ჰიჯრით, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის 1389 წ. შეესაბამება. მაშასადამე დიდი შემოქმედი 1389 წელს უნდა გარდაცვლილიყო.
ჰაფეზის პოეზიას რამდენიმე ქართველმა მთარგმნელმა მიმართა. დღეს სამი მათგანის მიერ თარგმანს შეგახსენებთ. სხვა დროს სხვათა თარგმანებს შემოგთავაზებთ და ჰაფეზზე საუბარსაც განვაგრძობთ.
***
(თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა)
შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.
სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.
სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.
ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.
***
(თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა)
იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი,
ოდეს მიჯნურებს ედგათ სიამის ჟამი.
იხსენებოდეს გალაღებულთა ლხენა,
მე კი თუნდ მწვავდეს მწვავე დარდების შხამი.
თუნდ სამუდამოდ გამწირონ ჩემთა სწორთა,
და დავშთე ასე დარდით გვემილი გვამი.
ჩემთა თვალთაგან ასი მდინარე მოდის,
იხსენებოდეს სხვათა ცრემლების ნამი.
იხსენებოდეს, ვისაც ჰაფეზის მსგავსად
აღრჩობს უთქმელი სევდა-ნაღველის შხამი.
***
(თარგმანი ამბაკო ჭელიძისა)
ირიჟრაჟა! მერიქიფევ,
მომაწოდე ღვინის ჯამი.
ჩქარა; თორემ ეს საწუთრო
არ დაიცდის ერთი წამი!
ჩქარა, თორემ ეს სიცოცხლე
გაფრინდება, გაიქცევა,
ჩვენ წავიქცეთ მანამ, სანამ
დედამიწა დაიქცევა!
ალისფერი ღვინო მოდის
დალოცვილი დოქიდანა,
ადე, თუ ქსურს გაიხარო,
ძილმა რაღა მოგიტანა!
ვინც აქ ვლოთობთ, ყველა წავალთ,
ისევ ვეღარ წამოვდგებით.
ღვინო გვასვი, ღვინო, იქნებ
ღვინის ჭურჭლად გამოვდგებით!
უკვე თავი მოგვაბეზრა ღვთისმოსავთა დარიგებამ.
ჩქარა, ღვინო მოგვაწოდე,
ჩქარა, მორჩი ჩარიგებას!
ჰაფეზ ჭკუას მიტომ გიქებ,
ღვინის ჯამს რომ ეტანები.
მაშ დალიე ტკბილი ღვინო
და აღივსე ნეტარებით.
***
(თარგმანი მაგალი თოდუასი)
მერიქიფევ, გადმომისხი,
ჩქარა, თორემ მწყურია!
კიდევ ერთი თასი, თორემ
დღენი მიმიწურია.
სიყვარულის ტკივილი ვარ
კაცი განაწამები.
მაშ მოიტა მერიქიფევ,
ღვინით სავსე ჯამები!
მალე, თორემ ხვალ, ვინ იცი
იქნებ ბარგიც ამიკრეს.
მოდი გულის ეს ხანძარი
ღვინის ცეცხლით ჩამიქრეს.