14:19:59     24-10-2011
ბაჩანა - ვაჟა-ფშაველას ხსოვნას
წელს დიდ ვაჟა-ფშაველას 150 წელი შეუსრულდა. მისი იუბილის აღსანიშნავად ჩვენ არა ერთი პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ. დღევანდელი პუბლიკაციაც ვაჟა ფშაველას საიუბილეოდ ქვეყნდება, თუმცა მისი ძმა ისედაც ღირსია გავიხსენოთ მისი ლექსები.
ვაჟა-ფშაველა ძალიან დიდია. მისი ბუმბერაზობა ესმოდათ მის თანამედროვეებსა და მისი ოჯახის წევრებს. რაზიკაშვილების ოჯახში მარტო ვაჟა არ ყოფილა პოეზიით გატაცებული, მისი ძმებიც ნიკოლოზი და თედო რაზიკაშვილები პოეტები იყვნენ.
ნიკო (ნიკოლოზ) რაზიკაშვილი დაიბადა 1866 წელს ჩარგალში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. დაამთავრა 1885 წელს. მერე მასწავლებლობდა ჯეჟინში, 1890 წლიდან კი ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. შემდეგ მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში.
წერა დაიწყო 1880-იანი წლებიდან. მისი ნაწარმოებები სემინარიელთა ჟურნალში ქყევყნდებოდა.
დღეს გავიხსენოთ ბაჩანას ორი ლექსი, მიძღვნილი თავის გარდაცვლილი ბუმბერაზი ძმისადმი.
ვუძღვნი ჩემის ძმის ვაჟა-ფშაველას ხსოვნას
სიკვდილი აღარ მახსოვდა,
წუხელ ძმა ვნახე მომრჩალი,
ცხენით აფხუშოს მოვიდა,
გამოვეგებე საწყალი,
ძალიან დაწუხებული,
როგორც მზისათვის დამზრალი.
ხელი მოვხვიე, ვაკოცე,
უნდა დამესვა მაშვრალი.
უეცრად დგრიალი დადგა,
ხალხით აივსო სახლ-კარი.
იძგერნენ შესაპყრობადა,
იმან მანიშნა: „დაჰკარი!“
„გაუშვით, თორემ თავზედა
დაგეცით სისხლის ავდარი“,
დავჭყივლე გაცოფებულმა,
ამოვიწვადე ხანჯარი.
ძალს მე და ძალსა ისინი.
გაგვიხდა ჯობნებაზედა.
უცებ ყორანი მოფრინდა,
ვაჟა შეისვა მხრებზედა,
და ცისა სივრცეში გაჰქრა,
ერთის თვალისა წამზედა.
მაინც წამართვეს, მაინცა,
აუგ დემედვა თავზედა.
ვერ მოვიხმარე ხანჯარი,
სისხლი ამესხა ფხაზედა.
როსნამდე უნდა გიგონო,
მიწამიყრილი ტანზედა?
მოდამ მოუვალს გელოდო,
თვალი მეჭიროს გზაზედა,
ცხადად და მალვივ ვიტირო,
გული ვაბჯინო ქვაზედა?
1915 წელი
ვუძღვნი
ჩემის ძმის ვაჟა-ფშაველას ხსოვნას, სამარესთან ყოფნის გამო*
ძმის საძებნელად წამოველ,
წინ არსად შემომეყარა:
ვეძახენ, ვერ გავაგონე,
ზედ გრილი მიწა ეყარა.
იქნება გავაცოცხლებდი,
სამარე გადამეთხარა?
საშველს ვეძებდი გულისთვის,
წამალი რამე მეხმარა.
ბევრი ვიტირე და სევდა
მაინც არ გადამეყარა,
გული არ მორჩა მაინცა,
ზედ შავი ლოდი ეფარა.
მიმოვიხედე, მაგრამ რას,
წყვდიადი იყო ყველგანა,
ნეტა რა ნუგეშს მომცემდა
ჩემი ტანჯული ქვეყანა?
მშიერ-მწყურვალი, მტირალი
აჩრდილი იდგა ჩემთანა!
ჩამძინებოდა, ძმა ვნახე,
ცოცხალი, მხიარულადა,
დამჭყივლა, შემომცინოდა,
მკოცნიდა მხიარულადა,
მეტყოდა, „რა დაგმართნია,
რადა ხარ მგლოვიარეო?
გაჰხედე, აყვავებულა
ჩვენი სამშობლო მხარეო“.
აღარც სიკვდილის აჩრდილი,
აღარც ნაღველი მწარეო ,
იშვებდა დიდი, პატარა,
მშიერი, გულმწუხარეო,
იყო დრო გაზაფხულისა,
ჰყვაოდა არე-მარეო.
ავდეგ, ღმერთს მადლობა შევსძღვენ
მისთვის, რაც ზევით თხრობილა,
ეჰა! ვნებული გულისთვის
წამალიც შიგვე ყოფილა,
და სიცოცლეზედ სიზმარი,
უფრო საამო ყოფილა.
1916 წელი
---
* - ვაჟა-ფშაველა დაკრძალული იყო დიდუბის პანთეონში, მისი ნეშტი 1935 წელს გადაასვენეს მთაწმინდაზე. ვაჟა-ფშაველას ნასაფლავარში 1952 წელს დაკრძალეს მისი მეუღლე თამარი.
იქნებ დადგა დრო, რომ ვაჟას მეუღლე მისი დიდებული ქმრის გვედით გადაასვენონ. ადგილი მე მგონი მოიძებნება.
0