ნობელის პრემიის ლაურეატი ივანე ბუნინი (ორი ლექსი) ნობელის პრემიის ლაურეატი ივანე ბუნინი (ორი ლექსი) />


  14:58:56     22-10-2011

ნობელის პრემიის ლაურეატი ივანე ბუნინი (ორი ლექსი)

a11542.jpg

1870 წლის 22 ოქტომბერს, ვორონეჟში დაიბადა ცნობილი რუსი მწერალი და პოეტი ივანე ბუნინი. დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სოფელში გაატარა. ოჯახში სამი ვაჟი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი იული ძალიან ნიჭიერი ყოფილა, უყვარდა ენების შესწავლა და მათემატიკა. გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. მეორე ვაჟი, ევგენი კი სწავლისადმი გულგრილი ყოფილა, სამაგიეროდ ნიჭიერი მხატვარი იყო. დედის თქმით, ივანე ყოველთვის განსაკუთრებული ყოფილა. ჰყავდათ დაც.

1874 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ხუტორ ბუტირკაში. მომავალ მწერალზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბუნებამ და გლეხების ქოხებმა და თავად უბრალო ადამიანებმა. ივანე და მისი და ბაძავდნენ გლეხებს და ჭამდნენ შავ პურს და გლეხურ საჭმელებს. იმ პერიოდიდანვე ეტყობოდა მომავალ მწერალს სინამდვილის მხატვრული აღქმის უნარი. 8 წლის ასაკში დაწერა თავის პირველი ლექსი.

11 წლისა გიმნაზიაში შეიყვანეს. თავიდან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით თუ რამე დააინტერესებდა. მერე გული აიცრუა და მესამე კლასში ჩატოვეს. წერდა ლექსებს.

გიმნაზია არ დაუმთავრებია. სწავლა განაგრძო დამოუკიდებლად, უფროს ძმის იულის დახმარებით. 1887 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ნადსონის საფლავზე“.

დამოუკიდებელი ცხოვრება ადრე დაიწყო. 1889 წელს მოეწყო გაზეთ „ორლოვსკი ვესტნიკში“ (Оpловский вестник). გაზეთში ხშირად ასრულებდა რედაქტორის მოვალეობას. აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკულ წერილებს ლიტერატურულ გვერდზე. მწერლობით ირჩენდა თავს.

1891 წელს ცოლად მოიყვანა ბარბარა პაშენკო, რომელიც ძალიან უყვარდა. ჯვარი არ დაუწერიათ. ქალის მშობლებს არ მოსწონდათ ღარიბი პოეტი. 1891 წელს გამოსცა კრებული „ლექსები“.

1892 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად პოლტავაში. მუშაობა დაიწყეს ცოლმაც და ქმარმაც, ივანეს უფროს ძმასთან, რომელიც გუბერნიის სამამულო სამმართველოში მუშაობდა. იქ პოეტი დაუახლოვდა ხალხოსნურ მოძრაობას (ნაროდნიკებს). აგრძელებდა ლიტერატურულ საქმიანობას.

ინახულა ლევ ტოლსტოი, რომელიც მისთვის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. რამდენჯერმე იმოგზაურა უკრაინაში. ცოლი გაექცა და მის მეგობარს გაჰყვა.

ბუნინი დაუახლოვდა მწერლებისა და პოეტების ჯგუფებს. ოდესაში იქორწინა მეორედ, ანა ცაკნიზე, თუმცა ორ წელიწადში, 1900 წელს ისინი დაშორდნენ. იმოგზაურა ევროპაში. ძალიან უყვარდა მოგზაურობა.

მას უკვე ცნობილი შემოქმედის სახელი ჰქონდა. განსაკუთრებით აფასებდა მას ანტონ ჩეხოვი, რომელიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ასევე სხვებიც. 1901 წელს პოემისათვის ”ფოთოლცვენა” პუშკინის სახელობის პრემია  მიანიჭეს. 1909 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია.

1906 წელს იქორწინა ვერა მორომცევაზე. მალე გაემგზავრნენ ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში სამოგზაუროდ. აღმოსავლეთში მოგზაურობაზე დაწერა ნარკვევების ციკლი ”მზის ტაძარი”. 

1920 წელს ივენე ბუნინი ემიგრაციაში წავიდა. ის ამბობდა, რომ ძველი სამყაროს შვილია, ხოლო ახალში კი პოეზიას ევრ ვხედავო.

ლიტერატურულ მოღვაწეობას ემიგრაციაშიც აგრძელებდა. წერდა და თარგმნიდა. დასახლდა საფრანგეთის სამხრეთში, კანთან ახლოს.

1933 წელს ივენე ბუნინს მიანიჭეს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია.

დიდი რუსი მწერალი ივანე ბუნინი გარდაიცვალა 1953 წელს პარიზში. დაკრძალულია იქვე.

დღეს, პრესა.-გეს მკითხველებს ვთავაზობთ ივანე ბუნინის ორ ლექსს. მასზე საუბარს სხვა დროსაც განვაგრძობთ.

 

* * *

(თარგმნა ელგუჯა მარღიამ)

 

„ისევ ცივი, ჭაღარა, გარინდული  არის ცა, 
უდაბური  მინდვრები, ხალხმრავალი  გზები; 
და ტყეებიც ისეთი, როგორც  ჟღალი  ხალიჩა, 
სამეული პარმაღთან, ზღურბლთან - მსახურები…’’ 

ეხ, ფერმკრთალო რვეულო, მიამიტო, ძველო, 
გავბედე და უფალი როგორ განვარისხე 
მე იმ წლებში დარდისგან...მეტი არ მსურს ვწერო, 
შემოდგომის ბედნიერ გზაზე სიტყვა ,,ისევ’’.

 

კატა

(თარგმნა ვასილ გულეურმა)

 

სდუმდა ძველი სახლი, ვით სამარის მიწა.
სახლთან, ჭინჭრებს შორის, ბინადრობდა კატა.
გაივლიდა ღამით სახლის ღია კართან
და მაგიდის ახლოს გატრუნული იწვა.

დგას მაგიდა ისე, როგორც იდგა. მორჩა,
დაივიწყა უკვე რა ხანია ყველამ.
სადაც სანთლის ალი ციმციმებდა ძველად,
ახლა მხოლოდ ცვილის ნაღვენთიღა მოჩანს.

გახსოვს? უცოლშვილო მოხუცი წევს მარტო:
მშვიდად თვალდახუჭულს აკრავს მკრთალი ფერი
და შავ ყელსახვევში აბურდვია წვერი...
ჩამოწოლილ წყვდიადს სანთლის ალი აკრთობს...

ახლა ღამით სახლში სიბნელეა, ხოლო
კატის წყვილი თვალი ელავს, როგორც დანა.
კუთხეებში თითქოს აჩრდილები დგანან.
ქარი საკვამურებს ახმაურებს მხოლოდ.

0

ავტორი: