• თბილისი
  • 22°C
  • 21 მაისი, 2019
article

„ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ... აწი, ღმერთი როგორც ინებებს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის გზავნილი

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“ - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა P.S.-ს გადასცა.

თავად დეკანოზს ორი დღის წინ მომხდარი ინსულტის შედეგად საუბარი უჭირს. მას ინსულტის შედეგად  წართმეული და პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და უჭირს მეტყველებაც. ადვოკატი აცხადებს, რომ მღვდლის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუარესებულია.

დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ მამა გიორგი აზიარეს.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, სწორედ ზიარების მოთხოვნით მართავდა აქციებს საპატრიარქოს წინ. ეს პირობა შესრულდა, მაგრამ აქცია დღესაც გაიმართა და მომავალშიც გაგრძელდება.

დეკანოზის ოჯახი პირდაპირ პატრიარქს მიმართავს და ითხოვს, რომ ილია მეორემ პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართოს, ვინაიდან მამა გიორგის სიცოცხლე უკვე სერიოზული რისკის წინაშე დადგა. დეკანოზის ახლობლები ამბობენ, რომ მსჯავრდებულის საკანში დარჩენა მისი სიკვდილის ტოლფასია.

პარალელურად, დეკანოზის ძმა აფრთხილებს ყველას, ვისაც შესაძლოა, პატიმრის სიკვდილი აწყობდეს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მან იცის ყველაფერი, რაც იცის მისმა ძმამ და რომ მოხდეს და მამა გიორგი ციხეში გარდაიცვალოს, მაშინ მისი ოჯახი იტყვის ყველაფერს, რასაც დეკანოზი ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდა. 

თეგები :

×