• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

მაო ძედუნი – ჩინელი ხალხის საყვარელი დიქტატორი

მოგზაურები, შთაბეჭდილებების აღწერისას აღნიშნავენ, რომ ჩინეთი, პირველ რიგში, ორი რამით შეიძლება დახასიათდეს – ბრინჯით და მაოს პორტრეტით. ბრინჯის შემთხვევაში, ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება მაოს, აქ სიტუაცია ასე მარტივად არ არის. არის დეტალები, რაც შეიძლება გაუგებარი იყოს თვით იმ ქვეყნის მცხოვრებთათვისაც კი, ვინც პიროვნების კულტი საკუთარ სახელმწიფოში გამოსცადა.

მაო ძედუნი ორი მოძრაობის – „უდიდესი ნახტომის“ და „კულტურული რევოლუციის“ ინიციატორი იყო, რომელმაც ჩინეთი ეროვნულ კატასტროფამდე მიიყვანა, მაგრამ მისი მოღვაწეობის ოფიციალური შეფასება დღეს მაინც ასეთია: მიუხედავად უკანასკნელ წლებში დაშვებული შეცდომებისა, დიდი კომუნისტის დამსახურებები გაცილებით მნიშვნელოვანია. თუ სტალინის პორტრეტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილის მოხუც კომუნისტებშიღაა პოპულარული, მაოს სურათები პეკინის ერთერთი ყველაზე თვალშისაცემი ღირშესანიშნაობაა. დიდი ბელადის მუზეუმები, გაბნეული მთელ ქვეყანაშია და ლენინ-სტალინისგან განსხვავებით, ძეგლებიც ძველებურად თავის ადგილზეა. 

დღევანდელ ჩინეთში მარქსიზმი და მაო ძედუნის თეორია განსაკუთრებით პოპულარულია. „მაო ყველა ცოცხალზე ცოცხალია“ – ეს გამოთქმა ჩინელებს ძალიან უყვართ. ყოველ წელს, ჩინეთის სომბოლოდ ქცეული ბელადის დაბადების დღეზე მთელ ქვეყანაში ფოტოგამოფენები ეწყობა, სატელევიზიო არხები გრანდიოზულ ტელესერიალს აჩვენებენ რევოლუციონერზე, რომელმაც ჩინეთის განვითარება რადიკალურად შეცვალა. წიგნის ყოველ მაღაზიაში იყიდება მაოს წიგნები და აგრეთვე წიგნები მაოს შესახებ. მაო ძედუნის მიმართ არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესი კვლავ უსაზღვროა.

რით აიხსნება მაო ძედუნის ფენომენი და რატომ არის ახალგაზრდა თაობისთვისაც კი ეს სახელი ასეთი ძვირფასი? კულტია? რელიგიაა? თუ მიზეზები ეროვნული თვითშეგნების თავისებურებებშია საძებნი? ეს სახელი ფულის შოვნისთვისაც კარგი საშუალება გახდა. მაგალითად, პეკინის ელიტარული კლუბი - „წითელი დედაქალაქი“ რევოლუციის პირველი წლების სტილშია გაფორმებული, მენიუ და კერძებიც იმის მიხედვითაა შერჩეული, თუ რა უყვარდა მაოს. კლუბი არც ისე იაფია, მაგრამ კლინტები ყოველთვის მრავალრიცხოვანი ჰყავს. 

მაო ძედუნზე ასობით წიგნი და სტატიაა დაწერილი, რომანები და მოთხრობები, გადაღებულია ფილმები, შექმნილია სპეციალურად მისთვის მიძღვნილი ინტერნეტ-საიტები. თითქოს ყოველი წვრილმანია განხილული, მაგრამ არის კითხვები, რომელზეც პასუხი დღემდე არ არსებობს. ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა დიდი ბელადის გარდაცვალებიდან. ცოცხალი ღვრთაება და დიქტატორი, რევოლუციონერი და პოეტი, ფილოსოფოსი და ტირანი კი მაინც აქტუალურია.

ჩინეთის რევოლუციის არქიტექტორი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი, მარქსიზმის პირველი მოღვაწე, მაო ძედუნი 1893 წლის 26 დეკემბერს, ხუნანის პროვინცია სოფელ შაოშანში დაიბადა, რომელიც ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს. მაოს სიტყვებით, მამამისმა სამხედრო სამსახურისას ცოტა ფული მოაგროვა, დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მიწათმოქმედებას და მცირე მოვაჭრეობას მიჰყო ხელი. ის გლეხებს შორის ყიდულობდა ბრინჯს და შემდეგ ქალაქში უფრო მაღალ ფასად ჰყიდდა. სკოლაში მხოლოდ ორი კლასი ჰქონდა დამთავრებული. 

მაოს დედა წერა-კითხვის უცოდინარი ქალი იყო, თუმცა თავისი ბუდისტუსი მრწამსით შვილზე დიდი გავლენა მოახდინა. სკოლაში ტრადიციული ჩინური განათლების მიღების პარალელურად, მაო მშობლებს ფერმაში და მინდორში ეხმარებოდა. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ავლენდა მეამბოხე ხასიათს, განსაკუთრებით ხშირად მამასთან მოსდიოდა კონფლიქტი, რომელიც მკაცრი დისციპლინის მიმდევარი იყო და შვილებს ხშირად სცემდა.
მამა გეგმავდა, რომ დროთა განმავლობაში სავაჭრო საქმე შვილისთვის გადაელოცა, მაგრამ მაომ სხვა მიდრეკილებები გამოავლინა. გაიქცა სახლიდან და მომზადება დაიწყო უმუშევარ მეცნიერ-იურისტთან. მოხუცი მეცნიერის ხელმძღვანელობითვე, დაიწყო ჩინელი კლასიკოსების შესწავლა და თანამედროვე ლიტერატურის კითხვა.

როგორც მაშინდელი ახალგაზრდების უმრავლესობა, მაო ძედუნიც მტკივნებულად განიცდიდა ჩინეთის უმძიმეს საშინაო თუ საერთაშორისო მდგომარეობას. საშუალო სკოლაში სწავლის წლებს მაო შემდეგ ასე იხსენებდა: ამ დროს მე ვიყავი დემოკრატიის უკიდურესი მომხრე და ამავე დროს ანტიმილიტარისტი და ანტიიმპერიალისტი. აღსანიშნავია, რომ 25 წლის მაომ იმ დროისთვის არაფერი იცოდა მარქსის და ლენინის თეორიების შესახებ. 

თანამემამულე სტუდენტების ჯგუფთან ერთად მაო პეკინში გაემგზავრა – ჩინეთის ძველ საიმპერატორო ქალაქში. ყოფილი მასწავლებლის პროტექციით, მუშაობა პეკინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარის თანაშემწედ დაიწყო, სადაც მოგვიანებით მარქსიზმის შემსწავლელ ჯგუფში გაერთიანდა.

1919-20 წლები ჩინეთი მოიცვა ნაციონალისტური და ანტიიმპერიალისტური გამოსვლების ტალღამ, რომლის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ცენტრად პეკინის უნივერსიტეტი იქცა. ამ ტალღაში მოყოლილი ბევრი ახალგაზრდა ინტელექტუალი აღმოჩნდა მარქსისტული სოციალიზმის გავლენის ქვეშ. მაო ძედუნმა პროფესიონალი რევოლუციონერის გზა აირჩია. 

1921 წელს, მაო შანხაიში გაემგზავრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების საოგრანიზაციო შეხვედრაზე, გახდა ჩკპ-ის პირველი კონგრესის დელეგატი, შემდგომ წლებში შეასრულა პარტიის ხელმძღვანელობის რამდენიმე საორგანიზაციო დავალება, მიიღო ხუნანის პროვინციის მექვანახშირე მუშების გაფიცვაში მონაწილეობა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა. 1924-25 წლებში მაო ძედუნი ხუნანში წავიდა და დაიწყო აქტიური მოღვაწეობა სოფლებში გლეხთა კავშირების შესაქმნელად.

პოპულარული გახდა რადიკალური ლოზუნგი „მთელი ძალაუფლება გლეხთა კავშირებს.“ მაომ მოულოდნელი დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 1927 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ, ჩან კაიშის მეთაურობით, გააჩაღა ანტიკომუნისტური სისხლიანი კამპანია. ამ მოვლენების შემდეგ, კომუნისტებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ დაეტოვებინათ მსხვილი ქალაქები და სოფლებში გადაენაცვლათ. 

ამას მოჰყვა 1928 წლიდან 1934 წლამდე პერიოდი, როდესაც მაო ხელმძღვანელობდა ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკას, „სახელმწიფოს სახელმწიფოში.“ ამ პერიოდში მოახერხა გლეხების დარაზმვა და პარტიზანული სახალხო ომის გაჩაღება. 1937 წელს, როდესაც იაპონიამ დაიწყო აგრესია ჩრდილოეთ ჩინეთში, მაომ მტრის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო. იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით, მოამზადა გლეხთა არმია, ჩამოაყალიბა ეკონომიკური რეფორმების და პოლიტიკური განათლების პროგრამა და განამტკიცა კომუნისტური პარტია და წითელი არმია.

1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, ჩინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც კომუნისტების და მაოს უპირობო გამარჯვებით დასრულდა. 1949 წელს, კომუნისტების საერთონაციონალური მასშტაბით გამარჯვების შემდეგ, მაო ძედუნი გახდა ახალი სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური და ენერგიულად დაიწყო მთელი რიგი ეკონომიკური, აგრარული, კულტურული რეფორმების გატარება. 

1957-58 წლებში, მაომ ავანტურისტული სოციალ-ეკონომიკური პროგრამა „უდიდესი ნახტომი წინ“ წამოიწყო. ამ პროგრამის მიხედვით გლეხური სასოფლო-სამეორნეო კოლექტივები უნდა გარდაქმნილიყვნენ დიდ სახალხო კომუნებად და საკვების ნაცვლად რკინა და ფოლადი ეწარმოებინათ. ჩინეთს იმედი ჰქონდა, რომ 15 წელიწადში დაეწეოდა და გადაუსწრებდა დიდ ბრიტანეთს და ააშენებდა კომუნიზმს. „უდიდესი ნახტომის“ პროგრამა ჩავარდა და ჩინეთის ეკონომიკა ღრმა დეპრესიის გზით წავიდა, ხოლო მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

60-იანი წლების დასაწყისში, ჩინეთის დიდი ბელადი გახდა საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური უთანხმოების ინიციატორი, აკრიტიკებდა რა ხრუშჩოვს და საბჭოთა კომუნისტებს „ცრუ კომუნისტებს“ ეძახდა. მაო სსრკ-ს ტექნოლოგიურ წარმატებებს არაფრად მიიჩნევდა და ხრუშჩოვისგან მოითხოვდა, რომ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობებისთვის დაეჭირა მხარი. 1965 წლიდან, მაომ გადაწყვიტა პარტიაში გარკვეული წმენდა ჩაეტარებინა, მიხვდა რა რომ მის ძალაუფლებას საფრთხე ემუქრებოდა. ასე დაიწყო ე. ჭოდებული დიდი პროლეტარული კულტურული რევოლუცია. 

მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების მობილიზაცია, ხუნვეიბინების, „წითელი გუშაგების“ რიგებში. მათი მიზანი იყო „გაეწმინდათ“ პარტია და ქვეყანა „მავნე ელემენტებისაგან.“ არმია, რომელიც ახალგაზრდებისაგან შედგებოდა, იჭერდა და კლავდა იმას, ვისაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. „კულტურული რევოლუცია“ 1968 წელს დაუგეგმავად დასრულდა, როდესაც სსრკ-მ ჩეხოსლოვაკიაში ჯარი შეიყვანა და საფრთხე შეიქმნა რომ, შესაძლოა, პეკინის არეულობითაც ესარგებლა. ხუნვეიბინების რიგები დაშალეს და არმია ჩვეულ დისციპლინას დაუბრუნდა. ამ რევოლუციას მილიონამდე ადამიანი შეეწირა. მაო ბოლომდე თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი გაცილებით საშიში მტერი იყო ჩინეთისთვის, ვიდრე აშშ.

მაო ძედუნი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმედ დაავადდა. უკანასკნელ ხანს უცხოელი მნახველების მიღებაც შეწყვიტა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი 1976 წლის 9 სექტემბერს, პეკინში გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ნებისმიერი მაშინდელი რევოლუციურ-კომუნისტური რეჟიმი ბიუროკრატიულ ჭაობად იქცეოდა-ხოლმე და არც ჩინეთის შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. თუმცა ეს ჩინელებს ხელს არ უშლის იმაში, რომ მაო ძედუნი მათთვის ეროვნულ სიამაყედ იყოს აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი სოციალური ექსპერიმენტები იყო სრული სოციალური ანომალია. თუმცა, აზიურ თუ ლათინოამერიკულ ქვეყნებში ასეთი რეჟიმების პოპულარობას თავისი ახსნაც აქვს.

„კაცობრიობის განვითარება საბოლოოდ მიდის ომის განადგურებამდე, ამ ამაზრზენი თვითგანადგურებისა, ადამიანური საზოგადოების. ჩვენ ერთი დღეც კი არ გვინდა რომ ვიომოთ“ – ეს სიტყვები ჩინელი ხალხის საყვარელ დიქტატორს, მაო ძედუნს ეკუთვნის, რომლის პოლიტიკამაც საკუთარ ქვეყანაში მილიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა.


თეგები :