• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.

სხდომის დაწყების წინ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, მმართველი პარტიის პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე მიდის.

საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია დათანხმდა ვენეციის კომისიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს აღარ მოუწვეთ ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდა. მეორე, შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ კანდიდატს, რომელსაც  სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

თუმცა, პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ამ მოწვევის პარლამენტს არ დაეკომლექტებინა უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე და ნაწილი დაეტოვებინა სხვა მოწვევის პარლამენტისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენი მოსამართლე სჭირდება უზენაეს სასამართლოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. 

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რომელის მიხედვითაც ფარული კენჭისყრის გაუქმება უნდა მომხდარიყო.

„იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად და მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. იცით რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია აქ პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელეთ ჩვენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან. რაც შეეხება ღია  კენჭისყრას, რომელსაც ითხოვენ ოპონენტები, ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზუსტად ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი ამ კანონპროექტშიც. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პარლამენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან, უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხს ეხება. გადაწყვეტილების  მიღების პროცესში ჩვენ ამ რეკომენდაციას განვიხილავთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


თეგები :