• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.  

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს. 

"საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. აგრეთვე, საჩივარში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირები და აქტიურად ხდება საერთაშორისო, მათ შორის, ინტერპოლის, მექანიზმის გამოყენება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულები ჩადენილია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად დაადგინოს ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. მათ შორის, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღმკვეთი სხვა პირებისა და წამების უშუალოდ ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. კერძოდ, გამოძიების პროცესში არსებობს შემდეგი შეფერხებები: დღემდე ვერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, უარს აცხადებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონის და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას ეცვა წამების და გარდაცვალების მომენტში; ვერ ხერხდება იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ფლობენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, დღემდე ვერ ხერხდება ბრალდებულების დაკავება, ვინაიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ გამოძიების სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე მის მიერ ეფექტურად კონტროლირებადი დე ფაქტო ორგანოები, რომლებიც ცდილობენ დანაშაულის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას; დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებით, არჩილ ტატუნაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების მეშვეობით ალტერნატიული ვერსიების შექმნითა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელის შეშლით," - ნათქვამია განცხადებაში.



თეგები :