• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

თბილისში 25 წლის მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა, 5 თვის ბავშვი კი კედელზე მიანარცხა

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილმა დაზიანებები მიიღო, ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს.

ჩვილი საავადმყოფოში პარასკევს გამთენიისას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭუნას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. სავარაუდოდ, მამამ ბავშვი კედელზე იმ სიძლიერით მიანარცხა, რომ ქალატვინის დაზიანება მიიღო.

შემთხვევა თბილისში, დადიანის 104 ნომერში მოხდა. ინციდენტის ადგილას ძალადობაში ეჭვმიტანილი დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იმყოფებოდნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 2018 წლიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობლები დუმდნენ. ადვოკატი აცხადებს, რომ ქალი გამუდმებით იმის შიშში ცხოვრობდა, ნასვამი ქმარი როდის მივიდოდა სახლში და მასზე ფიზიკურად იძალადებდა.

დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. მისი პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ისევ გისოსებს მიღმა დატოვა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს.

5 თვის ჩვილს მეთვალყურეობას, ექიმებთან ერთად, საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახეზე და მთელს სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს.


თეგები :