• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

წყალი გაძვირდა - მთავრობამ ნატვრა აისრულა

სემეკმა თბილისელებს წყალი 3,15 ლარამდე გაუძვირა. მეორე საკითხია რამდენად იყო ეს სემეკის გადაწყვეტილება, ვინაიდან გავლენიანი ქართველების მიერ შექმნილ „შვეიცარულ“ კომპანია „მულტიპლექს სოლოუშენს“ („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დამფუძნებელი), როგორც ჩანს, მთავრობაში ახლაც ძლიერი მფარველები ჰყავს. სემეკი კი, რაც მთავრობას სურს, სიტყვის შეუბრუნებლად იმას აკეთებს.

 

1-ლი დეკემბრიდან კი მოსახლეობა, რომელსაც წყალი 24 საათი მიეწოდება 3,15 ლარს გადაიხდის, ასეთი მოსახლეობა 86%, ხოლო მას ვისაც წყალი გრაფიკით მიეწოდება (14%) 2,4 ლარს გადაიხდის. თურმე ამ ფაქტით აღშფოთებულმა ქალაქის მერმა ქვეყნის პერმიერს ნიკა გილაურს კომისის მოწვევა სთხოვა. პრემიერთან გამართული თათბირის შემდეგ, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სემეკის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. 

 

ქალაქის მერის თქმით, კომისიის სხდომამ დააკმაყოფილა მისი წინადადება, რის საფუძველზეც, წყლის ტარიფი 2,40 ლარზე იმ აბონენტებისთვის შენარჩუნდება, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. უგულავას განცხადებით, ეს არის მოტივაცია, წყლის კომპანიისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების პროგრამის განხორციელება. 

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისევ წყლის გადასახადის ნახევარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 50%-ს თბილისის მერია დაფარავს, რაც 105 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის უკვე გათვალისწინებულია თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში.

 

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სოციალური ტვირთი მინიმუმამდე შეეხოს სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, ამიტომ თბილისის მერია, გადაიხდის სოციალურად გაჭირვებული ადამიანების წყლის გადასახადის 50%-ს“, - აღნიშნა უგულავამ.

 

საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი არ შეპარვია, რომ ეს იყო თბილისის მერის გასაპიარებელი აქცია, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილების შეცვლა მერს არ შეუძლია.

 

გარდა ამისა, სემეკის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ის აბონენტი, რომელიც წყლის გადასახადს არ გადაიხდის, დენის მიწოდება შეუწყდება. ხელისუფლებამ კომპანიას მოსახლეობის „გასატყავებლად“ ყველა პირობა შეუქმნა.

 

„თბილიწყალკანალი“ კომპანია „მულტიპლექს სოლოუშენს“ 2007 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 85 მილიონ დოლარად გადაეცა, თუმცა მანამდე მერიამ „თბილწყალკანალის“ ქსელების რეაბილიტირება მოახდინა და ამისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დახარჯა.  გარდა ამისა, 2007 წლის დასაწყისში, ვიდრე თბილისის წყალს „მულტიპლექსს“ გადააბარებდა, ტარიფი გააორმაგა და 1,2 ლარიდან 2,40 ლარამდე გაზარდა. მთავრობამ მოსახლეობას აუწყა, რომ „თბილწყალკანალი“ შვეიცარულმა კომპანიამ იყიდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი სხვა რამეს ადასტურებს. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში 2005 წელს საქართველოში დარეგისტრირდა „მულტიპლექს სოლოუშენი“, თბილისის ფილიალი, რომლის დამფუძნებულია ჟენევის საავაჭრო რეესტრში რეგისტრირებული „მულტიპლექს სოლოუშენი“. ასევე 2005 წელს დაინიშნენ ამ წარმომადგენლობის დირექტორები - ცნობილი დავით შენგელია და ლევან კაჭარავა.

 

„მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციის მიხედვით, ლევან კაჭარავა ე.წ. „ვერის საძმოს“ წევრია, მეტსახელად „ტილიკა“, „სილქ როუდ გრუპის“ დამფუძნებელი. 2007 წლის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით კი, ლევან კაჭარავა და დავით შენგელია გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და კომპანიის ერთადერთ დირექტორად დაინიშნა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე.

 

რაც შეეხება, შვეიცარიაში მოპოვებულ ინფორმაციას, „მწვანე ალტერნატივაზე“ დაყრდნობით, კომპანიის შესახებ ერთადერთი დოკუმენტი ჟენევის სავაჭრო რეესტრში მოიპოვება, სადაც მითითებულია, რომ „მულტიპლექს სოლოუშენი“ დარეგისტრირდა 2005 წლის 23 აგვისტოს (დეკემბერში უკვე საქართველოში გაიხსნა მისი ფილიალი), რომლის კაპიტალი სულ რაღაც 90 ათას დოლარს შეადგენდა.

 

გარდა ამისა, „მულტიპლექსისა“ და „თბილისის წყალს“ შორის მუდმივად რუსული კვალი იკვეთება. ეჭვები განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც კომპანიის დირექტორად მოსკოვში მცხოვრები იური ლესი დაინიშნა, რუსული „ინტერ რაოს“ საკუთრებაში არსებული მოლდოვის გრეს-ის მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე.  ასევე, საწაროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის იყო ალექსეი სერებრიაკოვი - „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის „გიპროსპეცგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

 

კომპანიაში სამუშაოდ მოიწვიეს „ინტერრაოს“ კუთვნილი „თელასის“ კადრები. გარდა ამისა, კომპანია გადავიდა, რუსულენოვან საქმის წარმოებაზე, ანუ თარჯიმანთა ბიურო ყველაფერს რუსულად თარგმნიდა. ამ ინფორმაციის აგორების შემდეგ, იური ლესი გაათავისუფლეს და მოსახლეობის მოსატყუებლად ინგლისურენოვანი იორგ მათისი დანიშნეს, კომპანიას სახელი შეუცვალეს და „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი“ დაარქვეს, თუმცა აღნიშნული რებრენდინგით, ბუნებრივია კომპანიის მფლობელები არ შეცვლინან.

 

ასე რომ, კომპანიას, რომელსაც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ბედი ჩააბარეს, სერიოზული მფარველები ჰყავს, რომელთა ერთადერთი მიზანი „ფულის კეთებაა“, ხოლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მათთვის მეორეხარისხოვანია.


თეგები :