• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

რა პროდუქტები შეგვიძლია ვიყიდოთ ახალ წლამდე წინასწარ

ახალ წლამდე ცოტაღა დარჩა და სამზადისი ნელ-ნელა ძალაში შედის. თუ მუშაობთ და საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების ყიდვა ყოველთვის ბოლო წუთებში გიწევთ, გეცოდინებათ, რამდენად დამღლელი და ძნელია ეს პროცესი.

მაღაზიები და ბაზრები ხალხითაა სავსე, ქუჩებში გადაადგილება ჭირს, სალაროებთან უსასრულო რიგია და ბევრ პროდუქტზე ფასებიც მატულობს...

გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელიც წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ და მოიმარაგოთ. ამგვარად თქვენ შეძლებთ დროისა და ფინანსების სწორად განაწილებას, ნაკლებად დაიღლებით და უკეთ შეძლებთ დღესასწაულის ორგანიზებას.

პირველ რიგში, დაგეგმეთ საახალწლო სუფრის მენიუ. მოიფიქრეთ რის გაკეთებას გეგმავთ და შესაბამისად რა ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

შემდეგ გაანაწილეთ პროდუქტები შენახვის ვადის მიხედვით. არამალფუჭებადი პროდუქტები შეგიძლიათ მთელი თვით ადრეც იყიდოთ. ასევე წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც გაყინვას კარგად იტანს და საყინულეში შეინახავთ.

გთავაზობთ მიახლოებით სიას, თუ რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ წინასწარ, საახალწლო სამზადისის გასაიოლებლად. ბუნებრივია , ყველაფერი ეტაპობრივად და არა ახლავე ერთბაშად.

თაფლი და ნიგოზი გოზინაყისთვის. ორივე მათგანი მშვენივრად ინახებება, ამიტომ მათი წინასწარ მომარაგება სრულიად გონივრულია.

თუ ნამცხვრების გამოცხობას თავად აპირებთ, კარგი იქნება წინასწარ მოიმარაგოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი: ფქვილი, შაქარი, კარაქი, შესქელებული რძე, კაკაო, ნაღები...

სანელებლები - წინასაახალწლოდ სანელებლების სექციებთან ყოველთვის დიდი რიგია. შეიძინეთ წინასწარ დარიჩინი, ჯანჯაფილი, ცუკატები, ვანილი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი, აფრანა და წიწაკა...

ქათამი, თევზი, ზღვის პროდუქტი, ხორცი შეგიძლიათ ადრევე შეიძინოთ და საყინულეში შეინახოთ.

სასმელი - ალკოჰოლურიც და უალკოჰოლოც, ღვინო, კონიაკი, ვისკი, შამპანური, წვენი, ლიმონათი - ყველაფერი რის დალევასაც აპირებთ.

შოკოლადი და კანფეტები - შეიძინეთ წინასწარ და სახლის ყველაზე გრილ კუნჭულში გადაინახეთ.

მწნილი, მურაბა, კონსერვირებული ბოსტნეული, მაიონეზი - თუ კი მათ გამოყენებას გეგმავთ.

ბოლო კვირისთვის შეგიძლიათ გადადოთ ხილისა და ბოსტნეულის შეძენა. გამოყენებამდე კი გრილ ადგილას შეინახეთ.

gemrielia.ge

თეგები :