მსოფლიო / 14-07-2026

"ტრამპი მხარს დაუჭერს ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებას რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ინიციატორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო"

"თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებას რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ინიციატორიც განსვენებული სენატორი ლინდსი გრემი იყო.

ეს მხარდაჭერა გრემის მოულოდნელი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაჟღერდა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუადვილებს გზას კანონპროექტს, რომლის ფინიშამდე მიყვანაზეც სამხრეთ კაროლინელი სენატორი წლების განმავლობაში მუშაობდა.

მანამდე გრემიმ და დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა მიანიშნეს, რომ ადმინისტრაცია მზად იყო პაკეტისთვის მხარი დაეჭირა. მათ პარასკევს განაცხადეს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, იმ დროისთვის გაურკვეველი იყო, დაუჭერდა თუ არა ტრამპი პირდაპირ მხარს კანონპროექტს, რადგან პრეზიდენტი მანამდე არაერთხელ აკრიტიკებდა ამ საკანონმდებლო ინიციატივას და სანქციების დაწესებისას უფრო მეტ პირდაპირ დისკრეციას ითხოვდა.

უფრო ადრე, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მჭიდროდ თანამშრომლობდა გრემისთან ამ ზომებზე მუშაობისას და CNN-ს განუცხადა, რომ იმედიანად არის განწყობილი. „ამისთვის სენატში როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების ძალისხმევა იქნება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“ - განაცხადა მან. თუმცა აღნიშნა, რომ გრემის სიცოცხლის ბოლო დღეებში სანქციების ეს პაკეტი იყო „ის საკითხი, რომლის მიღწევაც მას ყველაზე მეტად ადარდებდა და ეს ნამდვილად იქნებოდა მისი საოცარი მემკვიდრეობა“ - წერს CNN სტატიაში.