„თეგეტა ქარსის“ 2025 - რეკორდული გაყიდვები, ახალი ბრენდები და რეგიონული ექსპანსია
2025 წელი „თეგეტა ქარსისთვის“ მრავალმხრივი განვითარების წელი იყო. კომპანიამ გაყიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, პორტფელი ლეგენდარული ბრენდებით გაამდიდრა, რეგიონული ექსპანსიის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „უკვე ტრადიციად გვექცა, რომ ყოველი მომდევნო წელი რეკორდით დავხუროთ. 2025 წელს „თეგეტა ქარსის“ პარტნიორი რვა ბრენდის 5,000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გავყიდეთ, რაც 2024 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1,000 ერთეულით აღემატება და კომპანიის ახალი რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში მთელი საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარი დაახლოებით ამ ზომის იყო. ახლა კი მსგავსი შედეგის მიღწევა ერთმა კომპანიამ შეძლო, რაც შთამბეჭდავია“.
გაყიდვების ზრდასთან ერთად, „თეგეტა ქარსმა“ განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას დაუთმო. მიდგომა მოიცავს ავტომობილის სრულ სასიცოცხლო ციკლს: „თეგეტა ქარსი“ მომხმარებელს თრეიდ-ინის აქციის ფარგლებში ახალ ავტომობილს სთავაზობს, ხოლო ჩაბარებულ ავტომობილს ხელმეორე რეალიზაციისთვის იყენებს.
კომპანია არანაკლებ პრიორიტეტულად მიიჩნევს ახალი მომხმარებლების მოზიდვასაც. „თეგეტა ქარსის“ სერვისით 2025 წელს დამატებით 2,400-მა ახალმა მომხმარებელმა ისარგებლა, საერთო ჯამში კი, მომსახურება 20,000-მდე ავტომობილმა მიიღო.
„უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მდგრადი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეიძლება ბრუნვა გაიზარდოს ინფლაციის ან ერთი და იმავე მომხმარებლის განმეორებითი ვიზიტების ხარჯზე, მაგრამ სწორედ ახალი მომხმარებლების მოზიდვა არის ის, რაც ბიზნესის გრძელვადიან სტაბილურობას ქმნის“, - აღნიშნავს პეტრე წაქაძე.

გასული წელი განსაკუთრებული იყო ლუქსსეგმენტის ათვისების კუთხითაც. „თეგეტა ქარსის“ პორტფელს ორი ლეგენდარული ბრენდი: იტალიური Lamborghini და ბრიტანული Bentley დაემატა. Bentley-სთვის ეს იყო სრული ოპერირების პირველი წელი ქართულ ბაზარზე, რომლის განმავლობაშიც 22 ავტომობილი გაიყიდა. რაც შეეხება Lamborghini-ს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის ივნისში გამოჩნდა, ნახევარი წლის განმავლობაში „თეგეტა ქარსმა“ ამ ბრენდის 17 ავტომობილი გაყიდა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ფანტასტიკური“ - ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად აღწერს Bentley-სა და Lamborghini-ს პირველ წელს ჩვენს პორტფელში. ბრენდების შემოყვანამდე გვქონდა გათვლა, თუ როგორ უნდა დაგვეხურა წელი, თუმცა მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
მიმდინარე წლისთვის მიზანი კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევაა. გვჯერა, რომ ჩვენი გუნდისა და ბრენდების გლობალური პრაქტიკების სინერგიული მუშაობა მოგვცემს საშუალებას, მომავალში რეკორდულ შედეგებს ამ კუთხითაც მივაღწიოთ“.

„თეგეტა ქარსმა“ გასულ წელს პარტნიორობა გააძლიერა ელექტრომობილების სეგმენტში მოწინავე ჩინურ ბრენდებთან: Zeekr-სა და Geely-სთან. მათი გაყიდვები როგორც წლიურ ჭრილში, ისე ყოველთვიურადაც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
გარდა ამისა, გასულ წელს კომპანიამ ბაზარს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა - ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე.
„ხშირ შემთხვევაში, ძვირად შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება სამი-ოთხი წლის შემდეგ თითქმის ნულზე ჩამოდის. მომხმარებლებისთვის ეს წუხილი რომ მოგვეხსნა, შევქმენით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება, რომელიც პირველ წელს 15%-ს უტოლდება, მეორე წელს - 10%-ს და ა.შ.“ - აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
2025 წელს „თეგეტა ქარსისთვის“ მნიშვნელოვანი იყო ფლიტმენეჯმენტის სერვისის განვითარება, რომლის ფარგლებშიც კომპანია ბიზნესებს ავტოპარკის მოვლისა და ფლობის სრულ მომსახურებას ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით სთავაზობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდონ არაპროგნოზირებადი ხარჯები და ფინანსური რესურსი საკუთარი ძირითადი საქმიანობის განვითარებას მოახმარონ.

გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა რეგიონული გაფართოების თვალსაზრისითაც. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში Volvo-ს VRE-კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. პარალელურად, Volvo-ს შოურუმისა და სერვისცენტრის მშენებლობა სომხეთშიც დაიწყო. ამასთან ერთად, კომპანიის აქტიური ინტერესის საგანია უზბეკეთის სწრაფად მზარდი ბაზარიც.
„თეგეტა ქარსი“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას მომდევნო წლების ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. კომპანია ამ კუთხით არაერთ სიახლეს აანონსებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Bentley, Lamborghini, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 16 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.