სოც. მედია / 07-07-2026

რუსული კანონპროექტით, დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დაავადებების, ჭრილობებისა და სხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო სამედიცინო შემოწმების უფლება ექნებათ როგორც კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს, ისე მობილიზებულ პირებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ისეთი დაავადებები ან დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლად არის განსაზღვრული.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ამ დაავადებებისა და დაზიანებების არსებობას არა სპეციალისტთა კომისია, არამედ წინასწარი სამედიცინო შემოწმება დაადგენს, რომლის ჩატარების წესსაც თავად სამხედრო უწყება შეიმუშავებს. წინასწარი შემოწმების შედეგების მიხედვით, სამხედროს ან სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნიან სრულფასოვანი შეფასებისთვის, ან პირდაპირ ფრონტის ხაზზე დააბრუნებენ.