"მიზანია, რომ ახალგაზრდები, არა მხოლოდ ევროპული განათლების პერსპექტივებს დაემშვიდობონ, არამედ, აუდიტორიებში, მათ მიერ „ვიზირებული“ ლექტორები შევიდნენ".
"დღეიდან ძალაში შევიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლის მე-2 და მე-18-ე პუნქტის ის ნორმა, რომელიც ემსახურება არა კონკრეტული სამართლებრივი პრობლების მოწესრიგებასა და საჯარო ინტერესებს, ე.ი. მოქალაქეების დაცვას, არამედ, სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და სტუდენტთა უფლებრივ შეზღუდვას.
დღეიდან, ასეთ პირებს აღარ შეეძლებათ განახორციელონ ანაზღაურებადი - სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობა დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე. მათ ასევე ეზღუდებათ აკადემიური თანამდებობის დაკავება, მაგალითად უნივერსიტეტებში, მსგავსი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში.
რა არის ამ ნორმის მიღები მიზანი? რა საჯარო ინტერესი ან ლეგიტიმური საფუძველი აქვს ასეთი შემზღუდველი ნორმის ამოქმედებას? სად არის აქ, პრევენცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში?
სინამდვილეში, ეს ნორმა ემსახურება იმ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კონტროლს, რომელთაც შესაძლოა, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ ვერტიკალთან.
როგორ იმუშავებს ეს კანონი, პრაქტიკაში?
მაგალითად: თქვენ ხართ თანამდებობის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და ამავე დროს - ლექტორი, გაქვთ აკადემიური ხარისხი და კომპეტენცია. ფიქრობთ, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროკავშირში გაწევრიანება, დემოკრატიის განმტკიცება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და ა.შ.
თუმცა, გყავთ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპა ცუდია და რუსეთი - კარგი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის არა 20 პროცენტის, არამედ, 100 პროცენტის ოკუპაციაა.
რა ხდება ასეთ შემთხვევაში? იზრდება შანსი, რომ დაწესებულების ხელმძღვანელმა, პირადი პოზიციის ან დავალების საფუძველზე, არ მოგცეთ თანხმობა, განახორციელოთ ანაზღაურებადი სამეცნიერო-პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა.
ე.ი. არ წაიკითხოთ ლექციები, არ დაიკავოთ აკადემიური თანამდებობა, რათა ახალგაზრდებს არ დაეხმაროთ ცოდნის გაღრმავებაში. ხოლო, თუ თქვენ დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს უარყოფით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ, ნორმის თანახმად, ეს პროცესი ამ გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს.
დაახლოვებით, იგივე ნორმა აამოქმედეს მოსამართლეების შემთხვევაშიც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოსამართლეს, რომელიც პარალელურად ლექტორია, რომელიმე უნივერსიტეტში, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება.
ანუ, ურჩი მოსამართლეები, რომლებიც არ დაემორჩილებიან კონიუნქტურას და მიიღებენ დამოუკიდებელ, არაპოლიტიკურ, ე.ი. კანონიერ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, დამატებით იმ კუთხითაც დაისაჯონ, რომ ლექტორობა, პედაგოგობა აუკრალონ.
მოკლედ, ნორმის მიზანი არა საზოგადოებრივი, არამედ, ვიწყო-პოლიტიკური ინტერესია და იგი, ტოტალური კონტროლის აშკარა სურვილიდან და თავისივე გარემოცვის უნდობლობიდან გამომდინარეობს.
ამავე დროს, „მთლიან სურათში“, ნორმის მიზანია, რომ ახალგაზრდები არა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციასა და ევროპული განათლების პერსპექტივებს დაემშვიდობონ, ეტაპობრივად, არამედ, მათთან, აუდიტორიებსა თუ კლასებში, მხოლოდ ბიუროკრატიის მიერ „ვიზირებული“, შემოწმებულ-გადამოწმებული ლექტორები და პედაგოგები შევიდნენ.
და ბოლოს, ეს შემზღუდავი ნორმა, ცხადად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის (განათლების მიღება და აკადემიური თავისუფლება) პირველ და მესამე პუნქტებს:
ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
მოკლედ, მათი მიზანია - სრული სვლით, სიბნელისკენ.
და რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, თუ არა, სრული სვლით, გვირაბის ბოლომდე?..." - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი და იურისტი, გიორგი კაპანაძე.