პოლიტიკა / 30-05-2025 / 319 Views

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ნიკა მელიაც ესწრება.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მელიას ჰკითხა, სურს თუ არა მოსამართლის აცილება, რაზეც ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა ასე უპასუხა:

"აცილების უდიდესი სურვილი მაქვს თქვენი, ყველასი, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ არის - თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის - ზოგადად, სისტემიდან აცილების!  რისი სურვილიც მაქვს გითხარით", - თქვა მელიამ.

მელია საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია 29 მაისის საღამოს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა.

ასევე, ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.