საზოგადოება / 07-07-2026

სომხეთში პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერი, პრორუსი ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი დააკავეს, მას ჩამოართვეს ლომი, ვეფხვი, და ცხოველების ფიტულები

მედიის ცნობით, სომხეთში პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერი, პრორუსი ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი დააკავეს.

როგორც სომხური მედია წერს, მას განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. დაკავებამდე სომხეთის საგამოძიებო ორგანოებმა მის საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 70 მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. მის ერთ-ერთ რეზიდენციაში სამი ლომი და ერთი ვეფხვი იპოვეს. ცხოველები დააძინეს და ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.

წარუკიანს ჩამოართვეს მანქანები და 190-მდე ცხოველის ფიტულიც. გამოძიების განცხადებით, ეს ფიტულები და ცხოველებიც ნივთმტკიცებად არის მიჩნეული უკანონო ნადირობის საქმეზე, რომელმაც გარემოს დაახლოებით 77 000-მდე აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. წარუკიანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ცხოველები საუკეთესო პირობებში იმყოფებოდნენ, თუმცა სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით, ისინი ამიერიდან პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.