ბიზნესი / 03-11-2026

პროსტატის კიბო და რობოტული ქირურგია

პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით, ის ყოველ მეშვიდე მამაკაცს უვლინდება. მთავარი სირთულე ის გახლავთ, რომ საწყის ეტაპზე პროცესი ყოველგვარი ჩივილის, ტკივილისა თუ გარეგნული ნიშნის გარეშე მიმდინარეობს.

ადამიანი ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას და ვერც კი ხვდება, რომ ორგანიზმში ცვლილებები უკვე დაწყებულია. ამ მიზეზით, პაციენტთა დიდი ნაწილი ექიმს მაშინ მიმართავს, როდესაც დაავადება უკვე შორს არის წასული. არადა, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი პათოლოგია გაცილებით იოლად იმართება და ხშირად სრული განკურნებით სრულდება.

პროსტატის კიბოს მომდევნო ეტაპზე ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა შარდვის გაძნელება, ნაკადის დასუსტება ან ხშირი მიდრეკილება, განსაკუთრებით ღამის საათებში უკვე აშკარაა. მთავარი საფრთხე ის არის, რომ საწყის ფაზაში ეს ნიშნები საერთოდ არ გვხვდება. ჩივილების არარსებობა ჯანმრთელობის გარანტიას არ იძლევა, ის მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ დაავადება ფარულად ვითარდება.

რისკის ხარისხი ყველასთვის განსხვავებულია. ასაკის მატებასთან ერთად ალბათობაც იზრდება. დიდი როლი ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს: თუ მამას ან ძმას ჰქონდა ეს დიაგნოზი, რისკი დაახლოებით მესამედით იზრდება. შესაბამისად, 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის შემოწმება განსაკუთრებით მნბიშვნელოვანია, ხოლო მაღალი გენეტიკური რისკის შემთხვევაში კონტროლი 40-45 წლიდან უნდა დაიწყოს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროფილაქტიკური შემოწმება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საუკეთესო გზა სკრინინგია, ანუ შემოწმება ჩივილების გამოვლენამდე. პირველადი კვლევა PSA ტესტია. PSA არის პროსტატის მიერ გამომუშავებული ცილა, რომლის დონეც სისხლის ანალიზით იზომება.

თუ PSA მომატებულია, იწყება დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპი, სადაც უახლეს ტექნოლოგიებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ტრადიციული ექოსკოპია, საუკეთესო აპარატურის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ცვლილებების გამოვლენას დაახლოებით 70%-იანი სიზუსტით ახერხებს. შესაბამისად, ყოველ მესამე შემთხვევაში პათოლოგია შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს.

ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დიაგნოსტიკისთვის მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცს იყენებენ. ეს აპარატი გამოსახულებას სამჯერ ზრდის, რისი წყალობითაც ექიმი უმცირეს კერასაც კი ამჩნევს, რაც ჩვეულებრივ ექოსკოპიაში ვერ გამოჩნდებოდა. მსგავსი გამოკვლევა საქართველოსა და მთელ რეგიონში მხოლოდ ამ ცენტრშია ხელმისაწვდომი.

ბიოფსიის საჭიროებისას აქ Fusion მეთოდს მიმართავენ, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსულ და მიკრო-ულტრაბგერით სურათს ერთმანეთს ადარებს. შედეგად, სადიაგნოსტიკო ნემსი ზუსტად საეჭვო ზონას მიემართება. ამ გზით კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმსივნე მაქსიმალური სიზუსტით ვლინდება, ხოლო ზედმეტი და უადგილო ჩარევები გამოირიცხება.

ქირურგიულმა მიდგომებმა დიდი ევოლუცია განიცადა. ღია ოპერაციები, სადაც დიდი განაკვეთი კეთდებოდა, ეტაპობრივად ჩაანაცვლა მინიმალურად ინვაზიურმა მეთოდმა, როგორიცაა ლაპაროსკოპია. დღეს კი ყველაზე განვითარებული მეთოდი რობოტული ქირურგიაა.

ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში ოპერაციები მეოთხე თაობის TOUMAI სისტემით ტარდება. რობოტი ქირურგს ათჯერ გადიდებულ, სამგანზომილებიან გამოსახულებას აწვდის და ხელის ბუნებრივ თრთოლას სრულად ფილტრავს. ეს სიზუსტე უმნიშვნელოვანესია, რადგან პროსტატის გარშემო ნერვული ბოჭკოები გადის, რომლებიც შარდის შეკავებასა და სქესობრივ ფუნქციას აკონტროლებს.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი პირველი კლინიკაა რეგიონში, სადაც პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა და რობოტული მკურნალობა სრულად დაინერგა. ცენტრს საფუძველი პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა ჩაუყარა. 2024 წლის თებერვლიდან დღემდე აქ ასეულობით წარმატებული რობოტული ოპერაცია ჩატარდა, რაც კავკასიაში ყველაზე მასშტაბური შედეგია.