საზოგადოება / 30-01-2026

"მოვითხოვთ, ამოქმედდეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი" - 24 ევროპული ქვეყანა საქართველოზე

"შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს" - წერია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 24-მა ევროპულმა სახელმწიფომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც: "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას... მოვითხოვთ, ამოქმედდეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი".

განცხადებას ხელს აწერს: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, 1991 წელს მიიღეს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.