სამართალი / 19-12-2025

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, 22 დეკემბერს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, 22 დეკემბერს პროკურატურასთან აქციას აანონსებს.

"გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მივმართავ საქართველოს!

გაავრცელეთ, რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა!

22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ჩემს ადვოკატებთან, ზაზა ხატიაშვილთან, დარეჯან სულაშვილთან და თამარ ავალიანთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ, ვმართავ აქციას!

მთელი საქართველო შეძრა ექიმი/მასწავლებელი გიგა ავალიანის, არასრულწლოვანების მიერ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად, საშინელი სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ!

მასწავლებელმა ქალმა, შიმშილში, სიცივეში, სიმწრით, უმამოდ, გავზარდე სპეტაკი, ყველა ღირსებით შემკული ორი ექიმი ბიჭი.

არასდროს, ა რ ა ს დ რ ო ს

დახმარება არავისთვის მითხოვია!

ახლა ვთხოვ მთელ საქართველოს!

დამიდექით გვერდით, რათა დავიცვა მკვდარი შვილის, გიგას, ღირსება და ცოცხალი შვილი, ნიკა, შურისძიების მიზნით, არ გახდეს მკვლელი!

პროკურატურამ გამოუძიებელი საქმე გადასცა სასამართლოს და არასწორი მუხლი წაუყენა მკვლელებს!

მოგმართავთ ექიმებო, მასწავლებლებო, დედებო, მამებო, ჩემი და ჩემი შვილების მეგობრებო, ჩვენო მოსწავლეებო, ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მოდით, დამიდექით გვერდით!

ტელევიზიებო, სოციალურო გვერდებო, კიდევ ერთხელ მაქვს თქვენი ვაჟკაცური თანადგომის იმედი!

მთელი გულით გელოდებით 22 დეკემბერს, ორშაბათს, 16:00 სთ-ზე, მთავარ პროკურატურასთან.

მისამართი: ვახტანგ გორგასალის ქ.N24" - წერს ეკა კუპატაძე.