ბიზნესი / 06-02-2026

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქართველოში ელ-კომერციის ბაზრის სიღრმისეული კვლევის შედეგები წარედგინათ.

კვლევა მოიცავს როგორც ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ანალიზს, ისე საერთაშორისო ონლაინ გამოწერების დინამიკასა და ტენდენციებს, მათ შორის ბაზრის ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, სტრუქტურულ ცვლილებებსა და სექტორის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული კომერციის სექტორის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა.

„გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტულია ეკონომიკის მზარდი სექტორების მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი კვლევის მიგნებები წარგვედგინა ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის. გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი კომპანიებს ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარება“, — აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი, გალტ & თაგარტის კვლევების სექტორის უფროსი.

„გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული სიღრმისეული კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ელ-კომერციის სექტორისთვის. ასეთ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი ბიზნესებს რეალური სურათის დანახვაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვაში ეხმარება. მოხარული ვართ, რომ ასოციაციასთან ერთად დაიგეგმა ამ კვლევის პრეზენტაცია და დიდი იმედი გვაქვს,s რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება“, — აცხადებს ვლადიმერ კანდელაკი, იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე.

იქომერს ასოციაცია საქართველოს მიერ ორგანიზებული ნეთვორქინგ ღონისძიებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასოციაციის მიზანია, შექმნას პლატფორმა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ხელი შეუწყოს ქართული ელ-კომერციის სტაბილურ და მდგრად ზრდას.