"ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა" - უმეროვი
"ბოლო სამი დღის განმავლობაში ფლორიდაში უკრაინულმა დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა. უკრაინულ დელეგაციაში შედიოდნენ: უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ლეიტენანტ-გენერალი ანდრიი ჰნატოვი. ამერიკულ დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენლები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი.
დისკუსიებს ასევე შეუერთდნენ ევროპის წამყვანი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, რათა უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ერთიანი სტრატეგიული მიდგომა შეეთანხმებინათ. გარდა ამისა, გაიმართა ცალკე კონსტრუქციული შეხვედრა აშშ–უკრაინის ფორმატში, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ოთხ მთავარ საკითხზე: 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომ განვითარებაზე, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს ფარგლებში პოზიციების შეჯერებაზე, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოზე პოზიციების შეჯერებაზე და ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გეგმის შემდგომ დამუშავებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადებისა და შემდგომი ნაბიჯების განხილვას. უკრაინა სრულად ერთგულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის.
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. მშვიდობა უნდა იყოს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, არამედ ღირსეული საფუძველი სტაბილური მომავლისთვის. უკრაინა მაღალ შეფასებას აძლევს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებას.“ - უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პლატფორმა X-ზე წერენ.