• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

„უამრავ ადამიანს დავეხმარე... აგერ, გაიარეთ და შეეკითხეთ“ - ცრუობს თუ არა ია მეტრეველი

თაღლითია თუ არა ია მეტრეველი? - ეს კითხვა გუშინდელი აქციის შემდეგ, როდესაც „თავისუფლებისთვის მებრძოლმა“ ია მეტრეველმა რუსთაველის გამზირზე შვილმოკლულ მამებს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ჩაუარა, კვლავ აქტუალური გახდა.

ამ კადრებმა საზოგადოებისა და პოლიტიკოსებში აღშფოთება გამოიწვია და კიდევ უფრო მეტად გაამყარა ეჭვი იმაში, რომ ია მეტრეველი არა თავისუფლებისთვის, არამედ პირადი სარგებლისთვის იბრძოდა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ბუტა რობაქიძის დედას თაღლითობაში ჯერ კიდევ გასულ წელს ადანაშაულებდა და მის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

„მე სასამართლოში იმ ადამიანების რიგს დავუყენებ, რომლებიც „ქომაგს“ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ისინი იპოთეკით დაზარალებულთა სიას ადგენდნენ და ფონდში 10 ლარის შეტანის შემთხვევაში, დაზარაებულებს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიყენებულ ზიანი აუნაზღაურდებოდათ. „ქომაგის“ ოფისი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარეობდა და პირველიდან მესამე საართულამდე იყო რიგები, რომ როგორღაც იმ სიაში მოხვედრილიყო ხალხი. აქ საუბარი არ არის ერთ ან ორ ადამიანზე, ვსაუბრობთ ათასობით დაზარალებულზე, რომლებსაც ნაღდი ფულის სახით, ე.წ. ქეშად 10-10 ლარი შეატანინეს, ისე რომ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის ჩეკიც კი არ მიუციათ. ზუსტად ამ ადამიანების რიგს დავუყენებ მოწმეების სახით სასამართლოზე და ჩემგან ბოდიშის მოხდის ნაცვლად თვითონ, სასამართლოზევე მოუწევს ამ ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდა“, - აცხადებდა კუპრავა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მეტრეველმა 2012 წლის 30 აპრილს დააფუძნა. მეტრეველი იმავე დღეს გახდა ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. ფონდის პრეზენტაციისას მან განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური დევნით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევდა და უმწეოებს მკურნალობის ხარჯებს დაუფარავდა. ია მეტრეველი აგრეთვე აცხადებდა, რომ ფონდი უსამართლოდ წართმეულ სოციალური შემწეობებს აღუდგენდა მოხუცებს. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს, განსაკუთრებით პოლიციელებს დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მოუხდენდა და ე.წ პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფდა 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქომაგმა“ არსებობა შეწყვიტა და დაპირება დაპირებად დარჩა.

აღსანიშნავია, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია ფონდის შემოსავლები, საიდანაც ირკვევა, რომ ამ თახებიდან ია მეტრეველმა 2012 წლის აპრილში პირად სარგებლობაში მყოფი ავტომანქანა, რომლის გამოშვების თარიღიც იყო 2 000 წელი, გადაიყვანა „ქომაგის“ ბალანსზე და ამავე ფონდს 12 წლის მანქანა ასევე საკუთარი მოხმარებისთვის, როგორც ფონდის თავმჯდომარემ 15 000 ლარად შეისყიდა.

თავად ია მეტრეველმა ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინდელ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, „მაგ სისულელეების დრო არაა“. ჟურნალისტის კითხვაზე - კონკრეტულად ვის გაუწია დახმარება, მეტრეველმა განაცხადა: „აგერ არის უამრავი ხალხი, გაიარეთ და შეეკითხეთ“. თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება რატომღაც ვერ შეძლო. 

თეგები :