• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

2 თვიანი კომისა და 6 თვიანი უმოძრაობის შემდეგ, 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს

ორთვიანი კომისა და 6 თვიანი უმოძრაობის შემდეგ, ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გოგონას სრულად გამოჯანმრთელების იმედს ის ოპერაცია იძლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, ტვინის დაზიანება უჟანგბადობამ გამოიწვია. უძრავ მდგომარეობაში ყოფნამ კი ინგას მენჯების და მუხლის სახსრები ჩაუკეტა. პაციენტს არ შეეძლო ფეხის მოხრა ან მათი ახლოს მიტანა. უმძიმესი ოპერაცია ვერ ტარდებოდა საქართველოში, თუმცა როგორც ინგას ოჯახის წევრები ყვებიან, პაციენტს დამაიმედებელი პასუხი ვერც ანკარაში უთხრეს.

მათივე ინფორმაციიით, ინგას ქირურგის ჯ.ჯ თურანის თქმით, ეს იყო მის პრაქტიკაში ერთ-ერთი ურთულესი და ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაცია, რომელიც ბევრ რისკ-ფაქტორს ითვალისწინებდა, თუმცა საბედნიეროდ წარმატებით ჩატარდა. დღეს ინგა თავს კარგად გრძნობს და თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ გოგონა რეაბილიტაციის პროცესს გაივლის.

ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძემ, რომელიც ოპერაციის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კომატოზურ ძილს თავი დააღწია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ამჯერად კი გოგონა სიარულსაც შეძლებს.

28 ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა. კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი 3 თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

14 მაისს ინგა ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ: თავის ტვინის ინფარქტი, პაციენტს ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო განუვითარდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით (ენდობრონქიტი).

ოჯახის წევრებსაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. მათი ვარაუდით, ოპერაციის დროს პაციენტს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდა.

რა მოხდა ხონელიძის კლინიკაში ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამაზე კლინიკის თანამშრომლები არ საუბრობენ. იკვეთება თუ არა ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის გაუარესებაში ხონელიძის კლინიკის სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს.

ბალანჩივაძეები იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანო საქმეზე ობიექტურ დასკვნას დადებს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბალანჩივაძეების ოჯახმა საჩივრით 21 ივნისს მიმართა. თუმცა მომხდარზე სააგენტოს პასუხები ამ დრომდე არ გაუცია.




თეგები :