• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, – შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით, გრიგალაშვილმა შეყვარებულს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მათ შორის კისრის არეში. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის ა.ც.-ს სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების მუქარა. ბრალდებული, ასევე, გამტყუნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გამოყენება და გავრცელების ბრალდების საქმეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი თბილისში, თემქაზე 2018 წლის  22 თებერვალს მოკლეს.გოგონას ცივი იარაღით ყელისა და თავის არეში 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცავებმა მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ნაცვლიშვილის შეყვარებული, 21 წლის ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს, თუმცა, მოგვიანებით, სახელმწიფო ბრალდებამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაუმძიმა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ ა. ნ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო შანტაჟის გზით ა.ც.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეო მასალის გამოძალვისათვის და საჯაროდ გავრცელების მუქარისათვის. ასევე, ამ მასალების შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ მეშვეობით, უკანონოდ გავრცელებისათვის“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თეგები :