სოც. მედია / 17-07-2026

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გენერალი მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, გენერალი მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას ეროვნულ პოლიციაში განუცხადეს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, ივან ვიჰივსკი შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინეს

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესა და მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, მაქსიმ ცუცქირიძეს, პოლიციის მეორე რანგის გენერლის სპეციალური წოდება მიანიჭა. მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაქსიმ ცუცქირიძე კოორდინაციას უწევს ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ქვედანაყოფების მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი საქმიანობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირება და გამოძიება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა ომის დანაშაულების ფაქტებზე 222 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

მაქსიმ ცუცქირიძე 1985 წლის 22 სექტემბერს კიროვოჰრადის ოლქის ქალაქ ნოვოუკრაინკაში დაიბადა. 2006 წელს დაამთავრა ხარკოვის შინაგან საქმეთა ეროვნული უნივერსიტეტი. მოგვიანებით სწავლა განაგრძო კიევის შინაგან საქმეთა ეროვნულ უნივერსიტეტში. არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, შინაგან საქმეთა აკადემიის პროფესორი და თითქმის ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სისხლის სამართლის პროცესისა და წინასწარი გამოძიების თემებზე. 2023 წელს გახდა ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე