ტექნოლოგიები / 18-11-2026

"საუბარია საჰაერო თავდაცვაზე - რაკეტებზე Patriot, NASAMS-ისა და სხვა სისტემებისთვის. მიმდინარეობს დიალოგი საბრძოლო ავიაციის პარკის გაფართოებაზე"

"დღეს გაიმართა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უკრაინული დელეგაცია იქ ჩვენს თავდაცვით პრიორიტეტებს წარადგენენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია საჰაერო თავდაცვაზე - რაკეტებზე Patriot, NASAMS-ისა და სხვა სისტემებისთვის. ასევე მიმდინარეობს დიალოგი საბრძოლო ავიაციის პარკის გაფართოებაზე. უკრაინა მუშაობს F-16-ების რაოდენობის გაზრდაზე და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც ამაში დახმარებას გვიწევს.

პარტნიორებთან ერთად ასევე განვიხილავთ ახალ ნაბიჯებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიმართულებით. თუ რუსეთი კვლავაც ასე აქტიურად დაეყრდნობა ბალისტიკურ რაკეტებს - მათ შორის ჩრდილოეთ კორეის წარმოებისას - სამართლიანი იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ევროპასა და ამერიკაში დაგვეხმარებიან ისეთი იარაღითა და ტექნოლოგიებით, რომლებიც სიცოცხლის დაცვის საქმეში ძალთა ბალანსს აღადგენს. საუბარია ევროპის არსენალში არსებულ რაკეტებზე, რომლებსაც რუსული იარაღის საწარმოო ობიექტებზე მაღალი სიზუსტით დარტყმა შეუძლიათ. ეს ასევე მოიცავს ტექნოლოგიებს - განსაკუთრებით ამერიკულს, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, პირველ რიგში, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებისთვის დაგვერტყა. ეს იქნებოდა ყველაზე იაფი და სწრაფი გზა ჩვენი ქალაქებისა და უკრაინული თემების დასაცავად, ასევე ამ ომის დასასრულებლად.

დაახლოებით ორი წლის წინ ამერიკაში ბევრს საუბრობდნენ „ძალის მეშვეობით მიღწეულ მშვიდობაზე“. ახლა ამას თითქმის ვეღარ ვისმენთ. სამწუხაროდ. თუმცა, ეს იდეა კვლავ აქტუალურია. მშვიდობა ეძლევათ მათ, ვინც იცის, როგორ დაიცვას სიცოცხლე და ვინც ამას უფრო ეფექტურად აკეთებს, ვიდრე ისინი, ვინც მის განადგურებას ცდილობენ. რუსეთი ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გარეშე - ეს არის რუსეთი, რომელსაც აქვს მიზეზი, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი. ამერიკას შეუძლია, ხელი შეუწყოს ამას. ყველამ იცის, რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ყველას ესმის, რომ ეს შეიძლება ეფექტური იყოს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოგვცენ უფლება, თავი ამ გზით დავიცვათ, იმის ნაცვლად, რომ გახსნან სატელიტური კავშირი რუსული და ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმისთვის ჩვენს საზღვრებთან,  ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. ჩვენ ამ საკითხს ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკულ მხარესთან განვიხილავთ. მადლიერი ვარ ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც „რამშტაინის“ შეხვედრაზე მხარდაჭერის პაკეტები გამოაცხადა ჩვენთვის - უკრაინისთვის, ჩვენი არმიისა და თავდაცვისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.