ბიზნესი / 26-10-2026

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და კომპანია „სამეფო მარანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს.

კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და  ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი.

ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.