ბიზნესი / 15-08-2025 / 57 Views

საქართველოს ბანკმა მასწავლებლების ისტორიები კომიქსში გააცოცხლა

მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა ლიმიტირებული კომიქსის სერია შექმნა.

ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ინსპირაციით განხორციელდა, რომლის მთავარი მხარდამჭერიც წელს საქართველოს ბანკია.

კომიქსები იმ ადამიანების მოგონებებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლებმაც სამახსოვრო წარწერები საქართველოს ბანკის მიერ ისთ ფოინთში განთავსებულ სპეციალურ  დაფაზე დატოვეს და mastsavlebeli.bog.ge-ს ვებგვერდზე გამოგზავნეს. 

პატარ-პატარა ილუსტრირებული ისტორიები ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს, ემოციებს, საინტერესო და სახალისო მომენტებს აცოცხლებენ.

კომიქსის პერსონაჟი - „სუპერმასი“ თამაშობანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის საკუთარ თავში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებს აერთიანებს. თითოეული თვისება კი თითო ამბად არის მოთხრობილი.

კამპანიაზე კრეატიული სააგენტო Supermarket-ი მუშაობდა.

 

„გვჯერა, რომ ლაღი ბავშვობის შექმნაში მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან ერთად, თამაშობანამ შექმნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებით გაერთიანებული პერსონაჟი - „სუპერმასი“. „სუპერმასის“ თითოეული თვისება გადაიქცა თითო ამბად, რომლებშიც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების შესაძლებლობების რწმენა, დახმარების აღმოჩენა, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება და სხვა. ამ კომიქსით პირველ რიგში გვსურს, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიის მიმართ და ინსპირაცია მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მასწავლებლობას”, - აღნიშნავს თათია რევაზიშვილი, თამაშობანას დირექტორი.

“მიზნად დავისახეთ შეგვექმნა სიმბოლო, რომელიც მასწავლებლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებდა. მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, ვთხოვეთ, ონლაინ და ქუჩაში განთავსებულ დაფებზე ერთი წინადადებით დაეწერათ მათთვის საუკეთესო მასწავლებელზე. ეს ჩანაწერები გადავამუშავეთ, გამოვყავით განმეორებადი თვისებები და ამის მიხედვით შევქმენით ერთი პერსონაჟი – წიგნის გმირი, რომელიც აერთიანებს ათასობით საუკეთესო მასწავლებლის თვისებებსა და პრაქტიკას. თითოეული თვისების მიხედვით დაიწერა პატარა ამბავი კომიქსის სახით”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

„საქართველოს ბანკი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მიზანი უცვლელია, შევქმნათ მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას. გვჯერა, რომ ამ პროცესში პედაგოგები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისთვის და მათი როლის გადააზრებისთვის, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებდა მათ მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე დავიწყეთ მასწავლებლების შესახებ მოგონებებისა და საინტერესო ისტორიების შეგროვება, რომლებიც ახლა ჩვენ მიერ გამოცემულ კომიქსებში გაცოცხლდა. გვინდა, ჩვენი ინიციატივა იქცეს მოწოდებად მასწავლებლებისთვის, რომ არ გაჩერდნენ და ახსოვდეთ, რომ მათი პროფესია ძალიან ღირებულია“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, კომიქსები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა და თამაშობანას სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.