მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით ბრუნდება. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით.
პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბაზარი ორბელიანი ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), სივრცეს მეწარმე ქალებს დაუთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ და გაყიდონ.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი.
ინფორმაციისთვის, სარეგისტრაციო ფორმის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს მონაწილეობაზე დასტურს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული შიდა შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე. შერჩეულ მონაწილეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ინფორმაცია მონაწილეობის, თარიღებისა და ტექნიკურ-ლოგისტიკური დეტალების შესახებ. მონაწილეები 2026 წლის განმავლობაში გადანაწილდებიან შესაბამის თარიღებზე.