ბიზნესი / 02-12-2025 / 70 Views

კომპანია სავანელმა გორში ხეხილის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „სავანელმა“  გორში ვაშლისა და მსხლის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 30 მილიონ ლარს შეადგენს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორში, 110 ჰექტარ ტერიტორიაზე ვაშლის და მსხლის ბაღები გაშენდა.  ამჟამად, კომპანიას 2,000 ტონა ვაშლი მოჰყავს, შემდეგ წლებში კი  ვაშლისა და მსხლის მოსავალი ეტაპობრივად 6,000 დან 7,000 ტონამდე გაიზრდება.  

„სავანელის ჯგუფი 21 კომპანიას აერთიანებს. ჯგუფი მიზნად ისახავს გორში ვაშლისა და მსხლის ბაღების გაშენებას.  2020 წელს სოფელ ძევერაში 25 ჰექტარზე ვაშლის ინტენსიური ბაღების სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. 2023 და 2024 წლებში  კი სოფელ ტინის ხიდში, ძევერასა და კარალეთში 45  ჰექტარზე  180,000  ვაშლის,ხოლო 40 ჰექტარზე 200,000 ცალი მსხლის იტალიური ჯიშის ნერგები გავაშენეთ. ჩვენი ხილი საზღვარგარეთ ექსპორტზე გადის, სამომავლოდ კი უფრო დიდი რაოდენობით ვაპირებთ გატანას. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია 5 შემნახველი მაცივარი. ამ ეტაპზე სოფელ მარანაში დამატებით 43 ჰექტარი ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენების პროცესი მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ მაცივრების, ვაშლისა და მსხლის ყუთების, წვენისა და კონცენტრატის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას. მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკთან უკვე ორ წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს - არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად და მჯერა, რომ სამომავლოდაც ბევრ საინტერესო და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს დავგეგმავთ და წარმატებით შევასრულებთ.“ - განაცხადა შპს სავანელის დამფუძნებელმა, ვლადიმერ სავანელმა.

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მსგავსი მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და ინდუსტრიას მნიშვნელოვნად განავითარებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.