ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკოლოგიური სარგებელი, შემცირებული ხარჯები საწვავსა და სერვისზე აშკარა უპირატესობაა, თუმცა გამოწვევად რჩება ელექტრიფიცირებული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება - ელექტრომობილის ფასი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, წლებთან ერთად, უფრო სწრაფად მცირდება.
„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მის ინტერესზე მორგებულ გადაწყვეტილებას სთავაზობს. 1 დეკემბრიდან პორშეს ელექტრიფიცირებული მოდელები კონკრეტული პირობებით გაიყიდება. კომპანია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე განუმარტავს, რა ფიქსირებულ ფასად ჩაიბარებს მის ელექტრომობილს წლების შემდეგ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ნდობა და გამჭვირვალობაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ელექტრომობილების ღირებულების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეგვემცირებინა. შედეგად, მომხმარებლის ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად დაცული, არამედ უფრო მოგებიანი ხდება, ვიდრე აქამდე იყო.
„პორშეს“ მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ახალი პირობებით ისარგებლონ - ჩვენთან ელექტრომოდელების ნარჩენი ღირებულება ბენზინისძრავიანი პორშეს ნარჩენ ღირებულებას უტოლდება, რაც შესყიდვის პროცესშივე დოკუმენტურად ხდება გარანტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელი წინასწარ არის საქმის კურსში, რა თანხას იხდის და როგორი იქნება მისი ელექტრომობილის ფასი მომდევნო წლებში. მივყვებით ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც მომხმარებელთან არა ერთჯერადი, არამედ პარტნიორული კავშირის დამყარებას გულისხმობს“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სხვადასხვა ტიპის მოდელის ნარჩენი ღირებულება, „პორშე ცენტრი თბილისის“ მომხმარებელისთვის, თანაბარი ხდება. მომხმარებელი ინფორმირებულია ყველა მოსალოდნელ შედეგზე. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაპირება ხელშეკრულებით არის დაცული.

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ტექნოლოგიურად განვითარებადი სფეროა. მცირდება დატენის დრო და იზრდება ერთი დამუხტვით გავლის მანძილი, იხვეწება და უმჯობესდება როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგოეფექტურობის სისტემები. სწრაფად განახლებადი მოდელების ბაზარზე გამოჩენისთანავე ძველი ვერსიების ფასი ბუნებრივად იკლებს. ელექტრომობილებისგან განსხვავებით, ბენზინისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში მკვეთრი პროგრესის ფაზა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმჯობესების პროცესი - ნელი, ღირებულება კი ბევრად სტაბილურია.
„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი ინიციატივით ელექტრომობილების შეძენა გაცილებით უსაფრთხო ხდება, დაცული და გარანტირებულია მომხმარებლის ინტერესები. ეს შეთავაზება მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელებაა, რაც საბოლოოდ კომპანიის მთავარ მიზანს - ავტომობილის ფლობის გამარტივებას ემსახურება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.