დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე
„დიახ, გზა გადავკვეთე, ამას არ ვუარყოფ. უბრალოდ მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ — იქ რუსული ნომრის მანქანა იდგა. იმ წუთში სწორედ ამის დანახვამ და ჯაჭვთან მისი მოახლოებამ გამაღიზიანა.
ბევრი ვიფიქრე, საერთოდ აზრი ჰქონდა თუ არა, დღეს მეთქვა რამე. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე თქვენ მოსამართლედ არ მიგიჩნევთ. ვწუხვარ, რასაც ემსახურებით – ამ მანტიით და ჩაქუჩით, რომელიც თითქოს სიმართლეს უნდა ასახავდეს. მე ვერ ვხვდები, რომელ კანონზეა თქვენი სამსახური დაფუძნებული, ისევე როგორც იმ პოლიციელების, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. იცით რა? ეს სასამართლო ცირკს ჰგავს.
თავიდანვე ვთქვი, რომ ვწუხვარ, როცა ამ სიტყვებს ვამბობ, იმიტომ რომ მეც ვიყავი საჯარო მოხელე — თითქმის 20 წელი ქვეყანას ვემსახურებოდი. ვიცი, თქვენც ალბათ გჯერათ, რომ ქვეყანას ემსახურებით, მაგრამ რეალურად — არც თქვენ და არც ის პოლიციელები, ვისთანაც საქმე მქონდა — ქვეყანას კი არა, პარტიასა და სისტემას ემსახურებით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მიზანმიმართულად გადავკეტე გზა — მაგრამ, იცით, ეს თბილისის ერთი ქუჩა იყო. დღეს კი ერთმა ადამიანმა მთელი ქვეყნის გზა გადაუკეტა. ყველაზე მეტად კი იმას ვუყურებ და მიკვირს, როგორ არ გამოდიხართ თქვენც რუსთაველზე, როცა ამას ხედავთ“ — დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე.
tv pirveli.