"ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც" - ივანიშვილი
გავრცელებულ წერილში, ბიძინა ივანიშვილი მუხანათურ ღალატზე საუბრობს და წერს, რომ წარსულში მათი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლა.
ივანიშვილი, მათ ვინაობას, ვინც მისი აზრით, მუხანათური ღალატი ჩაიდინა, არ ასახელებს. შესაბამისად, ტოვებს სივრცეს, რომ მის ამ ფრაზაში, არა მხოლოდ გახარია, არამედ, სხვებიც მოაზრებოდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იყვნენ მინისტრები.
„პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე.
წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა“.