• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

„ებრაელი ტურისტი ჯუთაში ადგილობრივმა მწყემსმა დააყაჩაღა, ფული, პირადი ნივთები, კარავი წაართვა“

სოციალურ ქსელში კობა ბახტურიძე ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით 2005 წლის ებრაელი ტურისტის ისტორიას იხსენებს.

„მახსოვს, 2005 წელს ებრაელი ტურისტი გავიცანი, ნათანი. თუშეთიდან ხევში გადავიდა ფეხით. ჯუთაში ადგილობრივმა მწყემსმა დააყაჩაღა, ფული, პირადი ნივთები, კარავი, საძილე ტომარა, პარალონი და ფოტო აპარატი წაართვა, მოკლედ, რაც ებადა ლამის ყველაფერი. ზურგჩანთის და ჯოხის ამარა გაუშვა გზაზე. ყველაზე მეტად ფოტო აპარატზე წყდებოდა გული - საოცარი ფოტოები მქონდაო.

დღემდე მახსოვს ეროვნული სირცხვილის ის სიმძაფრე, რაც განვიცადე, როცა ეს მომიყვა.

ნეპალიდან პირინეის ჩათვლით ლამის მთელი ალპურ-ჰიმალაური სარტყელი ჰქონდა მოვლილი და საქართველო პირველი ქვეყანა იყო, სადაც დააყაჩაღეს.

ვარწმუნებდი, ასეთები არ ვართ ქართველები, პირიქით - მაშვრალ მგზავრს გისტუმრებენ, დაგაპურებენ და საჩუქრით გაგიშვებენ მეთქი, ეს ვიგინდარა გამონაკლისია და რაღა მაინცა და მაინც შენ გადაგეყარა მეთქი.

იქეთ მამშვიდებდა, ცხადია ასეაო.

სიმართლე გითხრათ, მე, რომელსაც გურიაში ბაბუასეულა სახლი და ეზო ნათესავებმა და მოყვრებმა გაუცალეს ავეჯიან-ნივთებიან-ღობიან-ხეებიანად, თავადვე არ მეჯერა იმის, რასაც ვეუბნებოდი და რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ საზოგადოდ, მხოლოდ მაშინაა ქართველი წესიერი და პატიოსანი, როცა კანონის და მისი აღსრულების ეშინია. სხვა შემთხვევაში, სალოცავსაც გაძარცვავს და ბავშვსაც კი მოპარავს მეზობელს ოსმალოზე გასაყიდად.

ხადას ამბავი კიდევ ერთი დადასტურებაა ამისი.

დასკვნა - ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალთან იყო სწორი, დროული და ეფექტიანი მიდგომა და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი ლამის ნულოვანმა რეაგირებამ ჩაანაცვლა" - წერს ბახტურიძე.

თეგები :