• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ექსკლუზიური ინტერვიუ ნანა ჩაჩუასთან - როგორ აფასებს ცნობილი ფსიქოლოგი ბოლოდროინდელ მოვლენებს?

ცნობილმა ფსიქოლოგმა, ნანა ჩაჩუამ, „პრესა.ჯი“-სთან ექსკლუზიურად საუბრისას, თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. 

„პრესა.ჯი“: ფაშისტები ქუჩებში, ძალადობა ქუჩებში, მრევლი და ეკლესია ქუჩებში, პოლიცია კლუბებში, მთავრობა კაბინეტებში... რა ხდება? 

ნანა ჩაჩუა: არსებობს სამართლიანი და უსამართლო ქმედებები, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ოლიმპოს ღმერთებს შორის არსებობდა... უსამართლო ომის ღმერთი არესი და სამართლიანი ომის ქალღმერთი ათენა, იგივე სიბრძნის ქალღმერთი. 

გავიხსენებდი პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ: „ამ ცნებას შემოგავედრებ დიდო ტიმოთე, იმ წინასწარმეტყველთა დარად, რომლებიც იღწვოდნენ შენთვის, რათა იომო კეთილი ომით“. 

კეთილი ომი ნიშნავს, იმას, რაც არ უნდა იყოს და რაც კანონზომიერების საწინააღმრდეგოა. 

კანონზომიერების საპირისპიროს კი სიმახინჯე ჰქვია. ანუ, რაც კანონზომიერების საწინააღმრდეგოა იმას უნდა უთხრა „არა“. ეს არის კეთილი ომი. 

საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კანონზომიერება არის სიცოცხლისათვის ხელის შეწყობა, მასზე ზრუნვა და არა შეფერხება. ეს კულტურაა. 

იყო ასეთი ფილოსოფოსი არნოლდ გელენი, რომელიც ამბობდა: „კულტურა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სოცოცხლეს“. 

რა არის ნარკოტიკი? ნარკოტიკი არ ემსახურება ადამიანის სიცოცხლეს, ის სიცოცხლის გზაზე კანონზომიერებას არ შეესაბამება. ის არ არის სიკეთე. ამიტომ, მას რომ ეუბნები „არას“, ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოხატულება. 

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს „არა“ რა ფორმით არის ნათქვამი. ფორმას კი კონკრეტული სიტუაცია კარნახობს. 

მე, როგორც ერთერთი მოქალაქე, უკვე ჩემი ასაკის შესაბამისი გამოცდილებებით და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ყოველთვის ვამბობ ამ ფრაზას, - იცის კი ხელისუფლებამ რა ხდება ღამის კლუბებში? 

მე, რომელმაც ფიზიკურად არ ვიცი სად მდებარეობს ღამის კლუბები, საიდან უნდა გამჩენოდა ეს შეკითხვა და რატომ უნდა ვყოფილიყავი შეწუხებული ამით? 

იმით ვარ შეწუხებული, რომ მე ახალგაზრდების დიდ ნაწილთან მაქვს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, ის პრობლემები და სიმძიმეები, რაც მათ აწუხებდათ, ვიცოდი. 

სწორედ ამიტომ ვიყავი შეძრწუნებული. არასრულწლოვანები და ასევე, სრულწლოვანები მიდიან იქ და აქვთ საშუალება, რომ წამალდამოკიდებულნი გახდნენ... 

ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამაზე და ამ მიუღებელს უთხრას - „არა“, რადგან ეს არის ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგო, რომელიც განსხვავებით ყველა ბიოლოგიური არსებების სიცოცხლისაგან, მხოლოდ ბიოლოგიურ სიცოცხლეს არ გულისხმობს. 

ადამიანის სიცოცხლე ბიოლოგიურ სიცოცხლეზე ბევრად მეტია. გალაკტიონი წერდა: „მე მეშინია იმგვარ სიცოხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“. 

მე ვნახე აქციის მონაწილეთა გამოსვლა ინტერნეტის საშუალებით, ვნახე იქ ადამიანები, რომლებიც უზომოდ ბილწსიტყვაობდნენ, მათ შორის დედები.

ადამიანს ყველაზე მეტად სიტყვები ამჟღავნებს. დედები ზრდიან შვილებს... ბილწსიტყვაობის ასეთი უხვი მარაგის მქონდე დედა, რომელსაც აზრის ფორმულირება არ შეუძლია ისე, რომ იქ თავისი ემოცია გამოხატოს, კატასტროფაა. 

იმ სივრცეში შეიძლება აღიზარდოს კეთილშობილი, სულიერად მაღალი ადამიანი? ვერა. ეს არის საგანგაშო. მე ეს დავინახე. 

- აქციის მონაწილეები არ ამბობდნენ იმას, რომ ისინი ნარკორელიზატორების დაკავებას აპროტესტებდნენ, მათი აქცია ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმაღთული... 

- არ არის სიღმისეული ცნობიერება ის, რომ ამას ძალადობა და ძალადობის საწინააღმრდეგო აქცია დაარქვა. როგორც აღვნიშნე, არსებობს სამართლიანი და არასამართლიანი ომი. სამართლიანი წინააღმდეგობა და უსამართლო წინააღმდეგობა. 

საიდან დაინახეს ეს ძალადობა? საკუთარი პოზიციიდან და თვალთახედვიდან დაინახეს. ეს არ არის საზოგადო თვალთახედვა, რომელიც ძალიან ფართო და სიღრმისეულია, ისევე როგორც ალუდა ქეთელაურის ხედვა, ანტიგონეს ხედვა, ჯოყოლას ხედვა... 

- თქვენ ბილწსიტყვაობა ახსენეთ, ალბათ მოისმენდით, რომ პარალელურ რეჟიმში, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ აქცია, რომლებიც არამარტო ბილწსიტყვაობდნენ, არამედ, ძალადობის და მუქარის შემცველ განცხადბებს ავრცელებდნენ... 

- მე, ამ შემთხვევაში, არავის ვყოფ, არ არის მნიშვნელოვანი ვინ სად იდგა, ხაზს ვუსვამ ნებისმიერი ადამიანის ბილწსიტყვაობას. 

ჩვეულებრივად, როდესაც ხდება სამართლებრივად დაგეგმილი გარკვეული ოპერაცია, მოვლენას რომელსაც შესაფერის სახელს არ ვარქმევთ, ის უკვე პრობლემაა. 

ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მოვლენებს თავიანთი სახელები დავარქვათო. ეს ვინ იქნება, რომელი ჯგუფი, ვისი დამცველი, ვისი მომხრე ან მოწინააღმრდეგე, ამას არ ვეხები.

მე ვეხები თვითონ აზრის ფორმულირების პრობლემას, რომ არ შეუძლიათ ადამიანებს, არ ყოფნით ცოდნა, სულიერი სიღრმე, სულიერი სიძლიერე იმისათვის, რომ გააკეთონ აზრის ფორმულირება და ის იყოს გასაგები. 

ძალიან სახიფათოა, როდესაც ვერ აკეთებ აზრის ფორმულირებას ისე, რომ ის იყოს გამოხატული მისაღები ფორმით, შენ რაც არ უნდა კეთილშობილური იდეით იყო, იმის იქეთ ის იდეა ზარალდება და უფასურდება. 

სიტყვას, ნათქვამს უდიდესი ძალა აქვს, შეიძლება ისე თქვა რაღაც ღირებული, რომ ის არაღირებული გახდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანია როგორ იტყვი. 

- რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და რას ურჩევდით მათ, როგორ უნდა იმოქმედონ? 

- მათ, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერებაზე უნდა იზრუნონ, ეს არის უდიდესი პრობლემა, დამკვიდრებული სიტყვა „ცნობადი სახეები“ რას ნიშნავს? 

ჩემს დროს და უფრო წინა პერიოდში, ვიყენებდით ფრაზას -  „ცნობილი ადამიანები“, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი თავისი ღვაწლით, ცხოვრების წესით, თავისი საქმიანობით ხდებიან სამაგალითონი, მაგრამ „ცნობადი სახე“ ნიშნავს, რომ ის ადამიანი მრავალგზის არის ტელეეკრანიდან ნაჩვენები და აქედან ვცნობთ მას. 

ანუ მათ ვიცნობთ არა იმიტომ, რომ დიდი დამსახურება აქვთ საზოგადოების წინაშე, არამედ იმიტომ რომ ხშირად ჩანან ეკრანზე. 

ასეთი, ერთ-ერთი ცნობადი სახე იყო მიტინგზე, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ თავისუფლებას გვართმევენო, ჩემი თავის უფალი მე ვარო, ჩემი თავი მე მეკუთვნისო. 

ამას ამბობდა, მაგრამ მან არ იცის და არც აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ, რადგან ადამიანები ვართ, ჩვენი თავი გვეკუთვნის იმდენად, რამდენადაც კაცობრიულთან, საზოგადოებრივთან აუცილებლობით ვართ ვალდებულები. 

ეს ჩვენ, ჩვენმა ადამიანად ყოფნამ გვარგუნა. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რაც მინდა, ის რომ ვაკეთო. 

- რას ნიშნავს თქვენი გაგებით თავისულება? 

- თავისუფლება საკუთარ თავზე, საზოგადოებაზე, ბუნებაზე  პასუხისმგებლობის აღებაა...

თავისუფლება, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, შეცნობილი აუცილებლობაა. რაც მინდა იმას რომ ვაკეთებ, მაშინ მე ის უნდა მინდოდეს, რაც კაცობრიული კუთვნილების არის. 

ხოლო კაცობრიული კუთვნილებისაა რაც გააკეთა ალუდა ქეთელაურმა, ჯოყოლამ, ანტიგონემ და იესო ქრისტემ...