• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

"მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სასახლეში, სამსახურში ფეხით ვივლი და ბაზარშიც საყიდლებს თვითონ ვიყიდი"

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტს ათონელის სასახლე (ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება.

„ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს და ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება.

მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.