• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს: ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა,რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ.

მარგველაშვილმა ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ნატო საქართველოს დასახმარებლად მიმართავს.

„ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობა თქვენ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც არ იშურებთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, საქართველოს წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მისიაში ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით ჩვენი წვლილი ყველაზე დიდია. ვითარდება ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგი და ჩვენ ამით მოხარულნი ვართ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობისთვის ამ კონტექსტში. ეს რეგიონს მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოუტანს. ჩვენ დღეს ნატო-ს ლიდერებთან განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და საქართველოს უსაფრთხოებას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო სტაბილური და უსაფრთხო, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო-სთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები, რასაც მივყავართ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, რისი საბოლოო მიზანია ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებით და ერთგულებით ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.