• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

„თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ღონისძიებაში მინდა, მადლობა გადავუხადო“

„თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან ჯერჯერობით ვერავინ ვერცერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების ვერ წარმოადგინა“, - ეს განცხადება  გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.

შს მინისტრი დეპუტატების წინაშე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. მან ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება ამაზე,“- აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა მიმდინარეობდა სისტემური სახით.

„კონკრეტული ადმიანები კონკრეტულ კლუბებში სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. საკონტროლო შესყიდვა სასამართლოს განჩინებით ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 20-ზე მეტი ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არ ნიშნავს გვერდზე უბანში, კლუბის წინ, შიგნით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაღებული შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა, ერთი გამოდის კლუბიდან, საუბრობენ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას, გამყიდველი იღებს თანხას, შედის დაცვის ავლით კლუბში, გადმოსცემს ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. მეორე შემთხვევაში ერთ-ერთ კლუბში დაცვის უფროსი ახორციელებდა ნარკოტიკის გაყიდვას,“- აღნიშნა გახარიამ.