• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

გია ვოლსკი: იქამდე მივედით, რომ მარგველაშვილის არასერიოზული გამონათქვამი კარასინმაც შეაფასა

„იქამდე მივედით, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჰაერში გასროლილი, არასერიოზული გამონათქვამი გრიგორ კარასინმაც შეაფასა, თუმცა, მან სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, გიორგი მარგველშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე.

„ვითომ, მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება, ყურადღება მაინც და მაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს. ამ განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. მომზადება იმას ნიშნავს, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია. ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავ საკითხზე პოლარიზებულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. პრეზიდენტმა წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს, თუ მას პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სათანადო მომზადება სჭირდება“, - განაცხადა კარასინმა. 

როგორც ცნობილია, საქართველო პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.