• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

„დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?“

ბოლო დღეების განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაციები და სპეკულირებაა, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები - გულწრფელად გეტყვით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები ამ მიმართულების განვითარებაზე ცუდად არ აისახება და ამ საკითხზე არასწორი სპეკულირება მიმდინარეობს. 

„ღამის ეკონომიკის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი მიმართულებისგან შედგება. როდესაც პირველად გავაჟღერე ეს ინფორმაცია, მხოლოდ კლუბებზე, ცეკვა-თამაშზე და გართობაზე ჰქონდათ ყურადღება, თუმცა, ეს ასე არ არის. გართობა და კლუბები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ღამის ეკონომიკის განვითარების. მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. როდესაც ახალგაზრდები ღამის კლუბში მიდიან, იქედან დაბრუნება არის შეუძლებელი, რადგან იმ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ხელშეწყობა. ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია ამ დარგებთან მიმართებაში, იგივეს ვაკეთებთ. ჩემთვის საუკეთესო მაგალითი ლონდონია, თუ როგორ არის განვითარებული ღამის ეკონომიკა. როგორ არის დედაქალაქის მერიის მხრიდან ხელშეწყობა. როდესაც მიმართულებებზე ვსაუბრობთ, აქ არის კულტურული ღონისძიებები, მუზეუმები, სპორტული ღონისძიებები. 

როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალგაზრდების ჩართულობით, შესაძლოა სტარტაპები დავაფინანსოთ ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და თანხები მერიამ გამოყოს. ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელია ამ მიმართულების განვითარება და ა.შ. 

ბოლო დღეების განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაციები და სპეკულირებაა, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. გულწრფელად გეტყვით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ. კი არ უნდა დავსაჯოთ და გავაუბედუროთ, პირიქით, ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ნარკოტიკებისგან. ძალიან ხისტები უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორციელებაში ის გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს. 

„შეიძლება პატარა დაბრკოლებები იყოს, არის გამოწვევები, მაგრამ ამას გავუმკლავდებით, ღამის ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი, მთელი მსოფლიო ილაპარაკებს ამაზე", - განაცხადა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას. 

მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ომი ნარკორეალიზატორებს უნდა გამოუცხადოს, მომხმარებლები კი, დაიცვას. 

„ჩვენ, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლები კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა დავიცვათ და დავეხმაროთ", - განაცხადა კალაძემ. 

კითხვაზე, ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საკლუბო ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედა და ხომ არ შეაფერხებს ეს ღამის ეკონომიკის განვითარებას, კალაძე პასუხობს: „დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?“ - განაცხადა კალაძემ.