• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

დაბრუნდება თუ არა, "ნაც-მოძრაობაში" "ევროპული საქართველოს" წევრთა ნაწილი?

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციას გაერთიანება ურჩია, გაჩნდა მოსაზრება, რომ "ევროპული საქართველო",  შესაძლოა, დაშლის საფრთხის წინაშე დადგეს, ხოლო ამ პარტიის წევრთა ნაწილი კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს.

სააკაშვილის ინიციატივა, ამავე დროს, 2016 წელს გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" კვლავ აღდგენას გულისხმობს, სავარაუდოდ, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას გამოკლებით, რომლებიც მესამე პრეზიდენტმა თითქმის ღია ტექსტით ბიძინა ივანიშვილზე გაყიდულებად მოიხსენია. 

შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისაგან თავს იკავებს "ევროპული საქართველოს" წევრთა ნაწილი. 

კერძოდ, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, სერგო რატიანი პარტიის პერსპექტივებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქმედო გეგმაზე საუბარს ერიდება. 

როგორც მან "პრესა.ჯი"-ს განუცხადა, "დღეს ეს თემა არ განიხილება და ამიტომ, ამაზე საუბარი, უბრალოდ, არაკორექტული იქნება." 

აღნიშნული საკითხის კომენტირებას გაურბის ამავე პარტიის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც. 

რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას, მისი შეთავაზების შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პარტიის ზოგიერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა.

"რანაირად მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, საქართველოში მშვენივრად დააბრუნეს თბილისის ვიცე მერი, რომელიც გაქცეული იყო. 

ასევე მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი და ძალიან მაგრად აკეთებს ბიზნესს.

ამ პატარა ჯგუფს უცებ გაუჩნდა ფული. რანაირად ხდება ეს ყველაფერი, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული? 

ივანიშვილის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. რანაირად ხდება, როდესაც ყველა დანარჩენს დევნიან, მათ კი შეექმნათ სასათბურე პირობები?

პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველაფერს ხედავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


თეგები :