• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

მალხაზ კობაურმა ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი შვილის მკვლელობა ჩვენებაში დეტალურად აღწერა

გთავაზობთ ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაურის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა. ბრალდებული ჩვენებაში წერს, თუ როგორ მოკლა რაიან და ლორა სმითები და მათი 4 წლის შვილი.

„მოგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვიდან ვიმყოფები დუშეთის რაიონის ხეობა „ხადა“-ში მდებარე სოფელი ნკერეს სეზონურ საძოვრებზე, სადაც ჩემთან ერთად ორი მწყემსი სახელად ….. ……… და ……. …….. ვუვლით ჩვენზე მობარებულ დაახლოებით 1500 სულ ცხვარს. ჩემი და ჩემთან მყოფი მწყემსების მოვალეობაში შედის მობარებული ცხვრის ფარის მოვლა-პატრონობა დღის და ღამის განმავლობაში. დღის განმავლობაში ძირითადად ვიმყოფები მთაში საძოვრებზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფარას ვუტოვებ ჩემს მიერ ხსენებულ მწყემსებს და ჩამოვდივარ სოფელ ნკერეში სადაც მე ვხვდები გამოგზავნილ პურებს ჩამოვდიბარე სოფელთან ახლოს მდებარე ბინაზე, ე.წ. სადგომზე, სადაც ვახორციელებ მობილური ტელეფონების დამუხტვას და ვბრუნდები შემდეგ უკან.

2018 წლის 04 ივლისს, გამთენიისას ჩემ მიერ ხსენებულმა მწყემსებმა ცხვარი გარეკეს საძოვრებზე, ხოლო მე წავედი რამდენიმე დღის წინ ჩემი ფარიდან დაკარგულ მამალ ცხვარს ე.წ „ყოჩს“, ძირითადად ვეძებდი ბინასთან მდებარე ჩანჩქერებთან, თან წაღებული მქონდა ორ ლულიანი 12 კალიბრიანი სანადირო თოფი, რომელსაც ლულები აქვს ვერტიკალურ მდგომარეობაში განლაგებული. აღნიშნული სანადირო თოფით ვსარგებლობდით ბინაზე მყოფი სამივე ჩვენგანი მწყემსები, რომელსაც ძირითადად ვიყენებდით ნადირის შესაშინებლად.

მამალი ცხვრის ძებნისას დაახლოებით დღის სამ საათზე მე შევხვდი სოფელ ნკერესთან მდებარე ჩანჩქერის მიმდებარედ ქალს და მამაკაცს, რომელსაც თან ახლდათ ერთი მცირეწოლოვანი ბიჭი. შეხვედრის დროს მათ მე მკითხეს, თუ სად იყო ჩანჩქერები სადაც დაათვალიერებდნენ და ფოტოებს გადაიღებდნენ. მე მათ ხელის გაშვერით მივუთითე ჩანჩქერებისაკენ. მათმა მე მთხოვეს რომ თუ შეიძლებოდა მეც უშუალოდ გავყოლილიყავი და მიმესწავლებინა გზა უშუალოდ ჩანჩქერების მიმართულებით. მათ მიერ შემოთავაზებულ თხოვნას მე დავთანხმდი და წავიყვანე ისინი. გზაში სიარულის დროს მამაკაცს მცირეწლოვანი ბავშვი ზურგზე ყავდა დაჯენილი და ჩვენ სამნი კი მივდიოდით ფეხით. გზაში დავყავით დაახლოებით ერთი საათი. ამ მონაკვეთში მამაკაცი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 40-45 წლის, საშუალოზე მაღალი, ტანსრული აღნაგობის, მაძლევდა შეკითხვებს ქართულ ენაზე. თუმცა როგორც შევამჩნიე იგი არ იყო ქართველი ეროვნების და უჭირდა ზოგიერთი წინადადების გამოთქმა სწორად. ძირითადად მეკითხებოდა თუ მე ვინ ვიყავი, რას ვსაქმიანობდი ცხვარში. ასევე მკითხეს ჩემი სახელი. როდესაც მივედით უშუალოდ ჩანჩქერებთან, მათ შემომთავაზეს რომ შეგვეჭამა საჭმელი, რომელიც მათ ჰქონდათ ზურგჩანთებში, საიდანაც ქალმა ამოიღო ძეხვი და პური მომაწოდეს მეც და შევჭამეთ. ამის შემდეგ მათ კიდევ მკითხეს იყო თუ არა კიდევ სხვაგან ჩანჩქერი, მე მათ ვუთხარი რომ იყო კიდევ და უნდა გაგვევლო მონაკვეთზე. აღმართზე სიარულის დროს მე და ზემოთხსენებული ტანსრული მამაკაცი მივდიოდით გვერდი-გვერდ. ჩვენს უკან მოდიოდა ქალბატონი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

როდესაც ჩვენ ავედით კიდევ ერთ ჩანჩქერთან მე დავჯექი მიწაზე. ჩემ წინ ოდნავ მარცხნივ დაჯდა მამაკაცი, ხოლო მის გვერდით და თითქმის ჩემს პირდაპირ დაჯდა ბავშვი, რომელსაც პირდაპირ მიშვერილი ჰქონდა ჩემს მიერ მარცხენა მხრიდან მოხსნილი თოფის ლულა, ამაზე ბავშვის მამამ მითხრა რომ თოფი ცუდად მქონდა განთავსებული და უმჯობესი იყო გადამედო მოშორებით. ამ შენიშვნაზე მე ძალიან გავღიზიანდი და მივმართე მას ხმამაღლა, რომ ის ვერ მასწავლიდა მე თოფის მხარზე დაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა ფეხზე თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკავში მომკიდა ხელი, მე მყისიერად გამოვიწიე უკან გავუსხლტდი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი სადაც განთავსებული მქონდა 2 (ცალი) ტყვია. დავმუხტე სასროლად თოფი ანუ მივწიე წინ ე.წ. „დამცველი“ და დაუმიზნებლად მიშვერილ სიტუაციაში გამოვკარი თითი სასხლეტს და ვესროლე მამაკაცს რომელიც უკვე შეტრიალებული იყო გასაქცევად ზურგით. გასროლის შედეგად როგორც მახსოვს ტყვია გავარტყი ზურგის არეში და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი. მის ყვირილზე მე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ განვახორციელე მისი მიმართულებით მეორე ტყვიის გასროლა, რომელიც როგორც მახსოვს მოხვდა თავის არეში, რის შემდეგაც ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია საერთოდ ხმა. მე მივხვდი რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ამის შემდეგ მე ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ტყვია და ჩავდე თოფში. მე დავინახე რომ ქალმა ამის დანახვაზე სირბილით ჩაირბინა ჩანჩქერიდან ქვედა მხარეს, მე ასევე შევნიშნე იქვე მჯდომი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ფეხზე იდგა და ტიროდა. მე მას მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით და ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მას მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონო მდგომარეობაში. ჩემს მიერ აღნიშნული მოქმედებების ჩადენის შემდეგ, გასროლოლი სამივე მასრა მოვკრიბე და გადავყარე მდინარეში. ამის შემდეგ ბავშვის გვამს დავუჭირე ერთი ფეხი (ზუსტად არ მახსოვს რომელი) და გავთრიე იქვე გვერდით რამდენიმე მეტრში თოვლის გაყინული მასის გვერდით, სადაც შევეცადე რომ დამემემალა გვამი, რათა გამვლელებს ადვილად არ შეემჩნიათ.

რაც შეეხება ქალს, რომელიც გაიქცა ქვევით ხევის მიმართულებით, ბავშვის გვამის გადამალვამდე, მე მისი გაქცევის მხარეს წავედი საძებნელად, რათა მისთვისაც მესროლა თოფი და ისიც მომეკლა. თუმცა ხევში ჩასვლის დროს დავინახე რომ ქალი გადავარდა ჩანჩქერის კიდედან მის ძირში სადაც გაედინებოდა წყალი. მივხვდი რომ ის იქ გადავარდნისას აუცილებლად დაიღუპებოდა, ამიტომ აღარ დავკარგე დრო და გადავმალე ჩემს მიერ მოკლული ბავშვის (ბიჭის) გვამი. იმის შემდეგ რაც მივხვდი რომ სამივე მათგანი იყო გარდაცვლილი, გავემართე ბინაში სადაც თოფი რომლითაც განვახორციელე მამა-შვილის მიმართ გამიზნული გასროლა შევახვიე მწვანე ფერის საწვიმარ პლაშში და გავიტანე ბინის უკანა მხარეს არსებულ ბალახებში და გადავმალე. ამის შემდეგ საძოვრებიდან ჩამორეკეს ჩემმა მწყემსებმა ცხვარი და ერთად დავიწყეთ საჭმლის ჭამა. შემდეგ დავწექით და დავიძინეთ.

მესამე დღეს 06 ივლისს ბინიდან წამოვედი სოფელ ნკერეში, სადაც შემხვდა ადგილობრივი მცხოვრები გელა ზაქაიძე, რომელიც იდგა სოფლის შესასვლელში მდებარე ხიდის მიმდებარედ ცოტა მოშორებით. მე მას ვკითხე თუ რას აკეთებდა იქ, მან მიპასუხა რომ ფირმა ვტომანქანის ნომრები იყო გადმოცემული სოფელში, რომლის მეპატრონეებსაც ეძებდა პოლიცია. ამის შემდეგ თავადვე მკითხა ხომ არ დამინახია ვინმე ტურისტები, კერძოდ მამაკაცი და ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მე მას ვუპასუხე რომ რამოდენიმე დღის წინ მე თვითონ მივასწავლე გზა ჩანჩქერებისაკენ მისასვლელი. ასევე ვუთხარი რომ მე თავადაც გავყევი ჩანჩქერებამდე და შემდეგ მოვტრიალდი უკან და წამოვედი ბინაზე. როდესაც მე გელას ვაწვდიდი ინფორმაციას მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც გელამ უთხრა ჩემი მონაყოლის შესახებ და ასევე გადმომაწოდა ყურმილი, რომელსაც ანალოგიური ინფორმაცია მივაწოდე, რაც მანამდე გელა ზაქაიძეს მოვუყევი. პოლიციის თანამშრომელმა მე ასევე მთხოვა ტელეფონზე რომ შემეძლო თუ არა მომეძებნა იმ ადგილებში სადაც მე მას ვუთხარი რომ დავტოვე ბოლოს. ამის შემდეგ მე წავედი იმ ადგილისაკენ სადაც ქალმა ჩაირბინა და დავინახე რომ ჩანჩქერის კიდედან გადავარდა და დავინახე რომ ქალის ცხედარი ეგდო ჩანჩქერის ქვევით მდინარეში. ამის შემდეგ მე დამირეკა პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც მოვანიშნინე ჩემი მობილურის ნომერი და მკითხა ხომ არ მიპოვია რამე. მე მას ვუპასუხე რომ ვიპოვნე ქალის ცხედარი სახელწოდებით „ალავერდი“-ს ჩანჩქერთან, სადაც მალევე მივიდა პოლიციის ეკიპაჟი და ჩაატარეს გვამის წყლიდან ამოსვენების პროცედურა.

კითხვაზე გიპასუხებთ რომ როდესაც მე შევხვდი ქალს და მამაკაცს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და შემდეგ როგორც ზემოთ ავღნიშნე განვახორციელე მათი მიმართულებით გასროლა სამივე მასრა გადავაგდე იქვე მდინარეში, რომელსაც ჰქვია „დიდი ჩანჩქერი“-ს მდინარე.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე განვახორციელე მამაკაცის მიმართულებით გამიზნული გასროლა, ორივე გასროლის მომენტში მე ვიდექი მისგან მოშორებით დაახლოებით 2-3 მეტრში. რაც შეეხება ბავშვს, მე მას ზუსტად მახსოვს რომ ერთი გასროლა გავაკეთე თავის არეში. მე ასევე დავამატებ, რომ შესაძლებელია რომ ბავშვის მიმართულებით განმეხორციელებინა მეორე გასროლაც, თუმცა არ მახსოვს ზუსტად ვესროლე თუ არა და სროლის შემთხვევაში გავარტყი თუ არა მას მეორე ტყვია. ასევე განვმარტავ რომ როდესაც ბავშვს ვესროლე ტყვია, რომელიც ნათლად მახსოვს მანძილი ჩვენ შორის სროლის მანძილი იყო დაახლოებით ორი მეტრი.

კითხვაზე გიპასუხებთ რომ 2018 წლის 04 ივლისს, როდესაც მე ბინიდან წამოვედი, დავლიე ბინაში ერთი ჭიქა ღვინო დაახლოებით 100 (ასი) გრამი, შემდეგ გზაში სანამ შევხვდებოდი ცოლ-ქმარს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ვიპოვნე ერთი ცალი 500 მლ „სპრაიტი“-ს ბოთლი, რომელშიც აღმოვაჩინე რომ იყო სპირტის მაგვარი სითხე, რაც დავლიე მყისიერად, იქიდან გამომდინარე რომ მტკიოდა კბილი. რაც შეეხება ბოთლში არსებულ სითხეს იყო ნახევარზე ოდნავ ცოტა. სითხის მიღების შემდეგ თავი ვიგრძენი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

კითხვაზე გიპასუხებთ რომ გამაჩნია სამსუნგის მარკის ბოლოლური ტელეფონი 595-..-..-..., რომელიც პერიოდულად ჩამაქვს სოფელ ნკერეში დამუხტვის მიზნით.

კითხვაზე გიპასუხებთ რომ მე შემიძლია ჩემი ნებაყოფლობით მივიღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მიგითითოთ ჩემს მიერ მკვლელობის დროს გამოყენებული შემდგომში გადამალული სანადირო თოფის ადგილმდებარეობა და ჩემს მიერ მოკლული მცირეწლოვანი ბავშვის გვამის ადგილმდებარეობა.

კითხვაზე გიპასუხებთ რომ ჩემს მიერ 2018 წლის 06 ივლისს თავდაპირველი ჩვენების მიცემის დროს დავმალე მომხდარი ფაქტის შესახებ სიმართლე, ვინაიდან შემეშინდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის. იმავე დღეს ჩემი მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნანახი გარდაცვლილი ქალის გვამი არის სწორედ ის ქალბატონი, რომელიც ჩემს მიერ მითითებული იქნა გამოკითხვაში, რომელიც გადავარდა ჩანჩქერის კიდედან. ასევე განვმარტავ, რომ სწორედ ამ ქალთან ერთად მყოფი კაცი და ბავშვი მოვკალი თოფით. იმ დღეს მეცვა წითელი ფერის მოკლესახელოიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომლებიც გუშინ გამოვიცვალე და შევინახე მთაში არსებულ დროებით სადგომ ბინაში. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებაყოფლობით საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიგითითო ყველა ზემოაღნიშნული ადგილი.“

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

თეგები :