• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

სერგი კაპანაძემ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოსაკითხ პირთა სია წარადგინა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ კომისიის შემადგენლობას განსახილველად გამოსაკითხ პირთა სია წარუდგინა. 

როგორც კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს სია გამომდინარეობს უკვე გაცნობილი მასალების მიხედვით, თუმცა კომისიის მუშაობის შესაბამისად, შესაძლოა გამოსაკითხ პირთა რაოდენობა გაიზარდოს და აქედან გამომდინარე ეს სია არის არასრული. 

სერგი კაპანაძის მიერ წარდგენილი სია ასეთია: 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი - ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები - მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სერგი კაპანაძის წარდგენილი სიასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების - მამუკა მდინარაძის და ეკა ბესელიას მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისიამ პირველ ეტაპზე დაიბაროს ხორავას ქუჩის ინციდენტის უშუალო მონაწილეები, უშუალოდ დაზარალებულები და საქმის უშუალოდ გამომძიებელ-პროკურორები. მათი აზრით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს კომისიამ სხვა პირთა დაბარება, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი თუ შს მინისტრი. უმრავლესობის წევრების პასუხად კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განმარტა, აღნიშნული სიის ნუმერაცია არის პირობითი და დასაბარებელ პირთა თანმიმდევრულობას არ განსაზღვრავს.