• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. 

როგორც აზერ სულეიმანოვმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ იმ საღამოს დაზარალებულს შეხვდა.

„ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, როცა არ ხარ ჩვენი წევრი, ვინ დაგავალათქო. ამის შემდეგ ის წავიდა და მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩაიხანაში იყვნენ საკრებულოს დეპუტატებიც. მე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია",- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა. 

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.