• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შსს-ს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. 

მათივე ცნობით, ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. მისი დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

თეგები :