• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს"

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულებისას, ორივე მათგანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ისინი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ერთმანეთთან საუბარი საკმაოდ პროდუქტიული იყო.

„დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯების დაგეგმვას.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის მხრიდან. „რუსეთის სახელმწიფო არ ჩარეულა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და მზად არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ჯგუფების ფარგლებში იმუშაოს“, - აღნიშნა მან.

უკრაინაში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების შესრულება“.




თეგები :