• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

„რუსეთი მზადაა მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, ამის მაგალითებია საქართველო და უკრაინა“

რუსეთი მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, ამის მაგალითებია საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მოსკოვს ასევე განთავსებული ყავს ჯარები მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის თანხმობის გარეშე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

მისი თქმით, ეს არის რუსეთის მოქმედების სქემა, რომელსაც ის მრავალი წელია მიჰყვება და რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობების გამო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დიდ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში, მათ შორის ბირთვულ არსენალში.

„ჩვენ რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ ვპასუხობთ. ჩვენ ტანკზე ტანკით, რაკეტაზე რაკეტით, ან ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღით არ ვპასუხობთ. თუმცა, რა თქმა უნდა,საჭიროა უზრუნველვყოთ ნატო-ს ადაპტირება, როდესაც ვხედავთ, რომ უფრო მეტად დაჟინებული რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ, თანამედროვე აღჭურვილობაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და დაძაბულობის შემცირება სურს. „ჩვენ არ გვინდა ახალი „ცივი ომი“. არ გვინდა ახალი გამალებული შეიარაღება და არ გვსურს რუსეთის იზოლაცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი თავდაცვასა და დიალოგს შორის ბალანსს ეძებს.

ინტერვიუს სრული ვერსია „დოიჩე ველეს“ ეთერში მომავალ კვირას გავა.