• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს.

ჰეილიმ განმარტა, რომ ამით აშშ უკან არ იხევს ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულებაზე. მან საბჭო გააკრიტიკა და მას თვალთმაქცური უწოდა.

აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ მედია წინასწარ იტყობინებოდა. მათი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. გაერო-მ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების განცალკევება დაგმო.

ევროკავშირი და გაერო აშშ-ის მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ სიახლე ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიის მომხრესი და დამცველის სახელს ავნებს. მოგერინის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც. ანტონიო გუტიერეშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ სტრუქტურა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


თეგები :