• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

"ივანიშვილს მივუტანე წიგნი, გამომართვა და მითხრა: ჩემი ცოლი წაიკითხავს და მომიყვება" - გიორგი შენგელაია

კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართუ ჯგუფმა“ სტიპენდია გაუუქმა. 

როგორც შენგელაიამ Presa.ge-სთან საუბრისას განაცხადა, „ეს ყველაფერი მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირდება“, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს „გაუნათლებელი“ უწოდა.

რეჟისორი სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და პირველად საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ უწოდა ივანიშვილს გაუნათლებელი.

Presa.ge: თქვენი კრიტიკის შემდეგ ივანიშვილის ბანკმა სტიპენდია შეგიწყვიტათ...

გიორგი შენგელაია: მე ვთქვი ბიძინაზე ის, რაც არის... ეგ არის უკითხავი, გაუნათლებელი კაცი. ეს არამარტო მე, არამედ, ყველამ იცის. წიგნებს საერთოდ არ კითხულობს. მისი ძირითადი გასართობი არის ცხოველები და არა - წიგნები. 

- როგორ მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ივანიშვილი გაუნათლებელია, კონკრეტული ფაქტი გაქვთ? 

- დიახ, მე მაქვს ფაქტი... ერთხელ მივედი ბიძინა ივანიშვილთან, მივუტანე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი - „ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია“.

როდესაც წიგნი მივუტანე, ივანიშვილმა გამომართვა ხელიდან და მითხრა: „ჩემი ცოლი ამერიკაშია, ის ჩამოვა, წაიკითხავს და მომიყვება“.

მისმა ნათქვამმა ძალიან გამაღიაზიანა, რადგან წიგნი უნდა წაიკითხო, კი არ უნდა მოაყოლო ვინმეს მისი შინაარსი, გაბრაზებულმა გამოვართვი ის წიგნი და უკან წამოვიღე. ჩავთვალე, რომ მისთვის ეს ზედმეტი იყო. 

- როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ატარებს ოლიგარქი? 

- მას არ ჰყოფნის იმდენი სიმკაცრე, რომ ქვეყანა მართოს. ხან ვის დანიშნავს თანამდებობაზე, ხან ვის, არავის არ იცნობს საერთოდ, გამოკეტილი ზის თავის სასახლეში და საზოგადოებაში ნაკლებად მოძრაობს. 

- რამ გამოიწვია მთავრობის გადადგომა და ვინ არის შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე? 

- ვერ გავერკვიე, მგონია, რომ ეგენი რაღაცას მალავენ, კვირიკაშვილი ჯერ ამბობდა, რომ არ გადადგებოდა. მერე მოულოდნელად გადადგა...

ტელევიზორში ერთი კადრი ვნახე, ბახტაძის უკან არის ვიღაც ორი კაცი, ვინც რკინიგზაში მუშაობს რამდენიმე მინისტრთან ერთად, სახელები არ მახსოვს, ალბათ მათ გაუკეთეს ლობირება და ამიტომ დანიშნა ბახტაძე მან კვირიკაშვილის ნაცვლად. მე ეს დასკვნა გამოვიტანე. 

- შვილმოკლული მამები ისევ ვერ პოულობენ სამართალს, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მკვლეკები დაისაჯონ? 

- მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ნებას ისევ გამოხატავს. უნდა განახლდეს აქციები და ხალხმა პარლამენტის დაშლა უნდა მოითხოვოს, რადგან ყველაფერი მაგათგან მოდის. 

აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტში ზის ისეთი ხალხი, ვისაც ფული აქვს გადახდილი. ქრთამს იღებდნენ პარლამენტში მოსახვედრად კობახიძე, კალაძე და კვირიკაშვილი - ეს ცნობილი ამბავია. 

ბიძინამ ამ სამ ადამიანს ჩააბარა საქმე. კიდევ ზუსტად ვიცი, გურჯაანის დეპუტატმა პარლამენტში მოსახვედრად მილიონ ნახევარი გადაიხადა. 

- თუ საპროტესტო აქციები გაგრძელდა, შეუერთდებით ოპოზიციას? 

- აუცილებლად, ამჯერად აუცილებლად შევუერთდები!