• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

სკანდალი გორის თეატრალურ ფესტივალზე - მაყურებელმა დარბაზი დატოვა

გორში გამართულ საერთაშორისო კომედიურ თეატრალურ ფესტივალს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. დასკვნით ღონისძიებაზე სამეფო უბნის თეატრის დასის მიერ წარდგენილი ,,დემონები“ გაკიცხვის საგანი გახდა. დარბაზი ათეულობით ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენებები გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლი.ჯი" ავრცელებს.

კომედიის ფესტივალის დასკვნით საღამოზე ,,დემონების“ წადგენის ფაქტი არ მოეწონა გორის მერს კოტე თავზარაშვილს, თუმცა სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა. დარბაზი, მოქალაქეების გარდა, მისმა მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმაც ოჯახის წევრებითურთ, დატოვა. გორის მერი ამბობს, რომ ეთანხმება გორის კულტურული საზოგადოების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს:

"მოგეხსენებათ, დასკვნით ღონისძიებას გორის კულტურული საზოგადოება ესწრებოდა და თავისთავად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ უხამსმა სიტყვებმა და ქმედებებმა, რაც წარმოდგენილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება.“ - აცხადებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი.

მისი განცხადებით, ფესტივალის მენეჯერს მერიისთვის წინასწარ არ შეუთანხმებია რეპერტუარი. ,,ამ კუთხით, მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეპერტუარის თაობაზე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ შესაბამისი სამსახური,“ - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ,,დემონებს“ ფსიქოლოგიურ და რთულად შესასრულებელ სპექტაკლად თვლის, თუმცა ფესტივალის დახურვის საცერემონიო ჩვენებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

"იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს. მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ“- ამბობს ეკატერინე სუხიშვილი.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში გორის თეატრის მსახიობმა მერაბ ჭანკოტაძემ გაახმაურა. მისი თქმით, სპექტაკლი გორის ელიტამ, დაახლოებით, 25 კაცის შემადგენლობით დატოვა.

სპექტაკლის შესახებ:

"სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე პიესის პირველ დადგმას საქართველოში.“ - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში. - ,,ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.“

სპექტაკლის ხილვის შემდეგ საკუთარი მოსაზრება სოციოლოგმა იაგო კაჭაკაჭიშვილმაც გამოთქვა სოციალურ ქსელში:

"ნევროტული, დეპრესიული და დესტრუქციული ადამიანების შეხლას ვუყურებთ და ვუსმენთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ამ უშეღავათო ომში ყველაფერია „ჩაყრილი“: შურისძიება, პატიება, სიძულვილი, სიყვარული, შიში, გამბედაობა, სისულელე, სიბრძნე, ღალატი, ერთგულება... ვერავინ გაიგებს, სად მთავრდება ერთი თვისებრიობა და სად იწყება მეორე; ყველაფერი ერთმანეთში გადადის, ერთმანეთშია აზელილი და აბსურდულ ქაოსს ქმნის. ერთადერთი საყრდენი წერტილი დედაა, უფრო სწორად – გარდაცვლილი დედის ფერფლი, რომელიც ამ ვაკხანალიაში ბავშვობის, ზოგადად, გადაუფასებელი და მდგრადი ზრუნვის მიმართ ნოსტალგიას ბადებს. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ეს ფსევდო საყრდენი წერტილია, რადგან დედაც უკვე ფერფლია, რომელიც იფანტება, ილევა, ქრება. და ამ დაშლილ სამყაროში ყველაფერი ფუჭია, აუწყობელი – ბევრი მცდელობის მიუხედავად ჯვარცმა არ და ვერ შედგება, რადგან ჯვარცმას სჭირდება ჭეშმარიტება, რომელიც, დღეს, უბრალოდ, არ არსებობს.” - წერს სოციალურ ქსელში იაგო კაჭაკაჭიშვილი, სოციოლოგი.

გორის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლის კრიტიკის ისტორია - 100 წლის წინ

გაზეთი ქართლის, 1912 წლის 20 ივლისის ნომრის მიხედვით, გორში, თბილისის დრამატულმა კოლექტივმა წარმოადგინა ჩირიკოვის პიესა "ჯადოსანი”. ამასთან დაკავშირებით, იბეჭდება რეცენზია, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული არა მარტო ავტორი პიესისა, არამედ მისი ,,გადმომქართულებლებიც” და ჩამომტანიც. პირდაპირ შეგვიძლია წავიკითხოთ რეცენზენტის მოსაზრება:

"სწორედ საზიზღარი სანახავი იყო მთელი ტანის უზნეოდ მრხეველი, თითქმის ტიტველა ქალი. რამ აფიქრებინა ბატონ ქიტიაშვილს ამ ქალის მოპატიჟება? გორის საკრბულო კაფე ,,შანტანი” ხომ არ არის? ან თუ მოიწვიეს, რატომ მოწაფე და ახალგაზრდობა დარბაზიდან არ დაითხოვეს? რას აკეთებს გორის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა? რატომ გვერდში არ ამოუდგება კლუბის მამასახლისებს და არ ასწავლის მათ: როგორი გასართობებია საჭირო ხალხისთვის!”.

- წერს "ქართლი.ჯი".

სულ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში რეჟისორმა დათა თავაძემ დაწერა:

"ბოდიშს გიხდით ვიდეოს ხარისხისთვის. ჯერ მეფარებოდნენ და მერე ფოკუსი ვერ გავასწორე და მალევე დავნებდი [ცოტა ბრმაც ვარ, არ დაგავიწყდეთ], თუმცა მგონი მაინც ნათელია ამ ვიდეოში, რამდენად პოზიტიურია მაყურებლის რეაქცია გორში გამართულ სპექტაკლზე "დემონები".

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლამის ნახევარმა დარბაზმა დატოვა სპექტაკლი, რაც არ არის სიმართლე და რომც იყოს ეს არ იქნებოდა საგანგაშო. საგანგაშოა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების პოზიცია და მათი კომენტარები, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს აზრს.

დღეს გელოდებით სამეფო უბნის თეატრში -

"დემონები" ამ სეზონზე ბოლოჯერ გაიმართება! " - დაწერა დათამ და ეს ვიდეო გაავრცელა:

თეგები :